2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო: 2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 9.8% იყო, მეორე კვარტლის საშუალო ზრდა 7.1%-ს გაუტოლდა, ხოლო ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 6.5 პროცენტი შეადგინა. 2025 წლის იანვარ-ივლისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.0%-ით განისაზღვრა.
2025 წლის ივლისში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაცია და კომუნიკაციის, ხელოვნება, გართობა და დასვენებისა და ვაჭრობის სექტორებმა.
იანვარ-ივლისში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. 2025 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 9.0%-ით გაიზარდა და 3.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) ზრდა იანვარ-ივლისში 2.7%-ს გაუტოლდა.
2025 წლის მეორე კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 5.0%-ით გაიზარდა და მეორე კვარტლის რეკორდული მოცულობა - 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
გასულ წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9.4 პროცენტით განისაზღვრა 2024 წელს საქართველოს ჰქონდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. 2025 წლის აპრილის განახლებულ ანგარიშში სავალუტო ფონდმა კლების მიმართულებით გადახედა გლობალური, წამყვანი ეკონომიკების და ევროპის უმრავლესი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, ამ ფონზე კი სავალუტო ფონდმა საქართველოში გამართული მისიის ფარგლებში გაზარდა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7.2%-მდე, რაც მიანიშნებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე საგარეო შოკების მიმართ.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2025-2030 წლებში და საშუალოდ 5.4%-ს შეადგენს.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70