ბიზნეს სექტორის სტატისტიკა - 2025 წლის მესამე კვარტალი
04-12-2025

2025 წლის მესამე კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად პოზიტიური ტენდენციები გრძელდება ბიზნეს სექტორში როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ასევე დასაქმების მიმართულებითაც.

2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.0%-ით გაიზარდა და რეკორდული ოდენობა 64.7 მლრდ. ლარი შეადგინა.

ასევე რეკორდულია ბიზნეს სექტორის გამოშვებაც, 2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის გამოშვება 25.3 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 9.7%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მესამე კვარტალში მსხვილი საწარმოების გამოშვება გაიზარდა 10.9 პროცენტით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდამ 8.7 პროცენტი შეადგინა. 

2025 წლის მესამე კვარტალში გამოშვების ზრდა დაფიქსირდა ყველა სექტორში, ხოლო გამოშვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა: ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ვაჭრობის, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების, ხელოვნება, გართობა და დასვენების და ჯანდაცვის სექტორებში გამოშვების ზრდამ.

2025 წლის იანვარ-სექტემბერში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 12.2%-ით გაიზარდა 180.9 მლრდ. ლარამდე, ხოლო ბიზნეს სექტორის გამოშვებამ 69.3 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც 15.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს.

2025 წლის სამ კვარტალში გამოშვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა: ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ვაჭრობის, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების, ჯანდაცვის, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების, ხელოვნება, გართობა და დასვენების და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში გამოშვების ზრდამ.

მესამე კვარტალში რეკორდულია დასაქმებულთა რაოდენობაც, რომელიც წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით 26.3 ათასით - 3.3%-ით გაიზარდა და 814.7 ათასი შეადგინა.

2025 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 231 ლარით - 10.5%-ით გაიზარდა და 2,421 ლარს გაუტოლდა.

წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით სამუშაო ადგილები გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. დასაქმების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის; ინფორმაციისა და კომუნიკაციის; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობების; ტრანსპორტირების და დასაწყობების; მშენებლობის და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებმა შეიტანეს.