"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვუმასპინძლე აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრს და მათთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაკავშირებადობის განმტკიცების საკითხები განვიხილეთ. საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, თუ რა როლი აქვს ქვეყანას რეგიონში და მზად არის, იმოქმედოს როგორც კონსტრუქციულმა და საიმედო პარტნიორმა რეგიონული განვითარების პროცესში“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კახეთში გამართულ საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნესფორუმზე გამხსნელი სიტყვით გამოსვლისას.
სამმხრივი ფორუმი, 2012 წლიდან, წელს მეშვიდედ ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა, ასევე თურქეთისა და აზერბაიჯანის მაღალი დონის დელეგაციებმა და სამივე ქვეყნის 300-ზე მეტი წამყვანი კომპანიის წარმომადგენელმა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობა კვლავაც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური პარტნიორობის, კეთილდღეობისა და რეგიონული დაკავშირებადობის წინსვლისთვის და ეს მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე ფართო რეგიონისთვის. ფორუმში მსხვილი ბიზნესის მონაწილეობა ხაზს უსვამს კერძო სექტორის დიდ ინტერესს თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიმართ ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ჯანდაცვა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ფინანსები და ტურიზმი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ეკონომიკური ზრდის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,3%-ს მიაღწია. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ საქართველო 2026-2030 წლებშიც შეინარჩუნებს მნიშვნელოვნად მაღალ საშუალოვადიან ეკონომიკურ ზრდას 5,1%-ის მაჩვენებლით. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დღესდღეობით საქართველოში თურქული კაპიტალით 2805-ზე მეტი, ხოლო აზერბაიჯანული კაპიტალით 1660-ზე მეტი კომპანია ოპერირებს. მინისტრის ინფორმაციით, 2025 წელს თურქეთი იყო საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ხოლო აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა სიდიდით მე-7 ადგილზე იყო. ამავდროულად, აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა 3,1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო თურქეთიდან წლების განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 2,4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესში სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების მნიშვნელობაზე. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ეს სტრატეგიული პრიორიტეტია, რომლისკენაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები იქნა მიმართული - ძირითადი ინფრასტრუქტურის, მათ შორის რკინიგზის, ავტომაგისტრალების, პორტებისა და ლოგისტიკური ობიექტების გაუმჯობესებისკენ. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 2032 წლისთვის მთავრობა 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის მობილიზებას გეგმავს ძირითად სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში, რაც ასახავს სტრატეგიულ ხედვას ქვეყნისა და ფართო რეგიონის მასშტაბით კავშირების მოდერნიზების შესახებ.
„ეს მუდმივი ძალისხმევა ასახავს ჩვენს გრძელვადიან ხედვას რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანზიტო ხიდის პოზიციონირების შესახებ. ამ მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია რკინიგზის მთავარი მაგისტრალის, ისევე როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზაციით, რომლის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია და ფუნქციონირებს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების მიზნით მიმდინარე პროექტებზე და განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე გააკეთა. ამასთან, ხაზი გაუსვა კომპანია TAV-თან მრავალწლიან პარტნიორობას, რომლის ფარგლებში სახელმწიფოსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 2032 წლამდე გაგრძელდა და ოპერატორი 2027-2031 წლებში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
„2025 წელს ჩვენმა სამმა საერთაშორისო აეროპორტმა მართლაც რეკორდული რაოდენობის, 8.5 მლნ მგზავრს უმასპინძლა. რა თქმა უნდა, წამყვანი აეროპორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტია და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი კომპანია TAV-ი მეგობარი ქვეყნიდან - თურქეთის რესპუბლიკიდან არის. მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო გარემო ნამდვილად გაძლიერდა, რაც თავის მხრივ აძლიერებს ამ კომპანიების მდგომარეობას, ისინი იზრდებიან საქართველოს ბაზარზე“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნა ტვირთბრუნვის გაძლიერებისა და საქონლის მოძრაობის ხელშესაწყობად, რაშიც დიდი როლი ანაკლიის პორტს ექნება. „საქართველოს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ანაკლიის პორტის განვითარებაზე იზრუნოს. ეს დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს, ასევე დიდ ფასეულობასა და ღირებულებას შესძენს ჩვენს მეზობელ ქვეყნებს და გააძლიერებს შუა დერეფანს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის და მის ფარგლებში განხორციელებული ფლაგმანი პროექტების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მინისტრმა ამ კუთხით აქცენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტებზე გააკეთა. „წლების განმავლობაში, ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენების პროექტები, რომლებმაც გააძლიერა რეგიონული ენერგოუსაფრთხოება და გააღრმავა კავშირი ჩვენს რეგიონსა და ევროპულ ბაზრებს შორის“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ენერგეტიკული დაკავშირებადობის მომავალ, ფლაგმანურ პროექტებს, როგორებიცაა „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი“ და „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს პროექტები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზართან დააკავშირებს და კიდევ უფრო განამტკიცებს რეგიონისა და ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70