„ენერგიაზე მზარდი მოთხოვნა, გეოპოლიტიკური გამოწვევები, ბაზრის არასტაბილურობა და კლიმატთან დაკავშირებული ვალდებულებები მოითხოვს თანამშრომლობის გაძლიერებას, ენერგიის წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციას, ასევე მდგრადი და მოქნილი ენერგეტიკული სისტემების განვითარების დაჩქარებას“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლში ბუნებრივი რესურსების სამიტზე - INRES 2026 ენერგეტიკის მინისტრთა პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამ კონტექსტში საქართველო რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, ფართო ენერგეტიკულ უსაფრთხოების და დაკავშირებადობაში წვლილის შეტანის იდეის ერთგულია.
"სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, საქართველო განაგრძობს საიმედო სატრანზიტო და დამაკავშირებელი დერეფნის მნიშვნელოვანი როლის შესრულებას, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. საქართველო აქტიურად უწყობს ხელს განახლებადი ენერგიის განვითარებას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ჰიდროენერგეტიკა ჩვენი განახლებადი ენერგიის წარმოების ხერხემალია, ხოლო ქარისა და მზის პროექტები სწრაფად ვითარდება და სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი მარეგულირებელი ჩარჩოს შენარჩუნებაზე, რათა მხარი დაუჭიროს მწვანე ენერგეტიკის განვითარებას და განამტკიცოს გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოება“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ქართული ინიციატივა - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც ოფიციალურად არის შეტანილი ევროკავშირის ორმხრივი ინტერესების მქონე პროექტების (PMI) სიაში, წარმოადგენს მნიშვნელოვან პროექტს რეგიონული ენერგეტიკული დაკავშირებადობის გაუმჯობესების, განახლებადი ენერგიით ვაჭრობის მხარდაჭერისა და როგორც ევროპის, ისე ფართო რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
სტრატეგიულ, რეგიონულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პირველ გემებს 2029 წელს მიიღებს. მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომელიც რეგიონის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს. მინისტრის განცხადებით, პორტის პროექტი, ენერგეტიკულ დერეფნებთან ერთად, შექმნის ერთიან, მძლავრ ინფრასტრუქტურულ საფუძველს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ეფექტური ფუნქციონირებისთვის და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციას.
სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტის სტრატეგიული მონაწილის როლზე ისაუბრა და აქცენტი გააკეთა პროექტის ფარგლებში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისი შეფასებით, საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის განუყოფელი ნაწილია. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის წლიური ტრანსპორტირების მოცულობაზე, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ბაქო-სუფსის მილსადენის სტრატეგიულ და კომერციულ პოტენციალს.
სტამბოლში გამართულ ბუნებრივი რესურსების სამიტს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად ენერგეტიკისა და სამთო-მოპოვებითი სექტორის წამყვანი კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მარიამ ქვრივიშვილთან ერთად სტამბოლში იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70