„ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიალზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ და სომხეთის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრი, დავით ხუდატიანი ესწრებოდნენ.
მინისტრის განმარტებით, ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, საერთო ძალისხმევისა და გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ხედვის თვალსაჩინო მაგალითს.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულმა მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებულმა პარტნიორობამ შესაძლებელი გახადა ბაქო–თბილისი–ყარსის სრულფასოვან ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭირო მნიშვნელოვანი საკითხების დროულად გადაჭრა და წარმატებით დასრულება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს პროცესი წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის.
„პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა მარაბდა–კარწახის 180-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია და მშენებლობა: მათ შორის, ეს არის ახალი და რეაბილიტირებული ხიდები, თანამედროვე სტანდარტების სადგურები, გზაგამტარები, წევის ქვესადგურები, საქართველო–თურქეთის დამაკავშირებელი სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბი და ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ბაქო–თბილისი–ყარსი უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის.
„ბოლო წლებში მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა უსაფრთხო, საიმედო და პროგნოზირებადი სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ იზრდება შუა დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესი და სწორედ ამიტომ ძლიერდება საქართველოს როლი ამ პროცესში“, - აღნიშნა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასთან“ და საქართველოს რკინიგზასთან ერთად, აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან აქტიურად მუშაობდა აღნიშნული სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის. ერთობლივი კოორდინაციისა და ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა პროექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმება, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და ხაზის ოფიციალურად ამოქმედება.
„დღევანდელი დღე ნათლად აჩვენებს, რომ რეგიონალური თანამშრომლობა, კეთილმეზობლობა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა ქმნის ძლიერ საფუძველს მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის და შუა დერეფნის მარშრუტის გაძლიერების მნიშვნელობაზე, ამ პროცესში რეგიონულ თანამშრომლობასა და იმ მსხვილ, სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც საკვანძო როლს შეასრულებს შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების პროცესში.
„ბაქო–თბილისი–ყარსი საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან, აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალთან, რკინიგზის მოდერნიზაციასა და სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ის ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას, რომელიც აძლიერებს საქართველოს როლს როგორც საიმედო პარტნიორის და ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ნაკადების ერთ-ერთ მთავარ დამაკავშირებელ რგოლს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს გავლით ჩინეთთან და ყაზახეთთან კონტეინერული გადაზიდვები 33 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტზე გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა თითქმის ექვსჯერ აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებლები მიუთითებს არა მხოლოდ მზარდ მოთხოვნაზე, არამედ მარშრუტის დიდ პოტენციალზე.
„ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. მარაბდა–კარწახის მონაკვეთის ეფექტიანი მართვის მიზნით დაფუძნდა ერთობლივი საწარმო, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთზე გადაზიდვების ოპერირებას ექსკლუზიურად ახორციელებს „საქართველოს რკინიგზა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია. ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებით ნაკადების გატარებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს. მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, ხოლო აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70