„დღევანდელი დღე სიმბოლურია და ასევე მნიშვნელოვანი, რადგან ნათლად წარმოაჩენს, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი განჭვრეტადი, საიმედო და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემო მათ სტიმულს აძლევს, ასეთი მსხვილი ინვესტიცია განახორციელონ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort პროექტის ოფიციალური წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტი ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად დინამიურად იზრდება საქართველოში ტურიზმის სექტორი და რამდენად ჯანსაღია საინვესტიციო გარემო. მისი თქმით, პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ხედვასთან, რომელიც აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას გულისხმობს.
„300 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია - ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ზოგადად აჭარის რეგიონისთვის. ასეთი მნიშვნელოვანი და მაღალი კლასის ბრენდის შემოსვლა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აჭარის ტურისტული პოტენციალის და ტურისტული სერვისების გაუმჯობესებას, ისევე, როგორც მომსახურების ხარისხის ზრდას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული როლით გამოირჩევა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და დღევანდელი მონაცემებით, მას 9.5%-იანი წილი უკავია ეროვნულ ეკონომიკაში2025 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული 4.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 7.8 მილიონს გადააჭარბა.
„საქართველოს მთავრობა განაგრძობს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას და შედეგები წლიდან წლამდე თვალსაჩინოა. ინდუსტრია ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს, რაც საკმაოდ რთული მისაღწევია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მაღალია კონკურენცია. საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას. 2015 წლიდან სახელმწიფოს მხარდაჭერით სექტორში 1.4 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, ამ პროგრამების ფარგლებში შეიქმნა 400-ზე მეტი განთავსების ობიექტი და კერძო სექტორთან პარტნიორობით უზრუნველყოფილ იქნა 8 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის გაჩენა“, - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის კომპლექსის მშენებლობის პროცესში, ასევე მისი ოპერირების ფაზაზე ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და 500-მდე ადგილობრივი დასაქმდება, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაზე.
„ჩვენ განვაგრძობთ ტურისტული პროდუქტების და ინფრასტრუქტურის, ისევე როგორც საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას. მსურს, ხაზი გავუსვა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობას - უახლოეს მომავალში ვექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას მისი შემდგომი გაფართოების გეგმაც წარვუდგინოთ. დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა იქნება უმნიშვნელოვანესი და ძალიან დადებითი შედეგების მომტანი მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, ტურიზმის სექტორისთვის და განსაკუთრებით აჭარის რეგიონისთვის“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთში, დეველოპერული კომპანია „არქის“ საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ისა და მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდ Swissôtel-ის თანამშრომლობით მასშტაბური პროექტი განხორციელდება, რომელიც უმაღლესი კლასის, საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროს და მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს მოიცავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ აშშ დოლარია.
პროექტის ლოკაციაზე კაფსულის ჩადების სიმბოლური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, პროექტის ინვესტორებმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70