ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა შევაფასოთ ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელობა და აღვნიშნოთ იმ ადამიანების როლი და დამსახურება, რომელთა ყოველდღიურ თავდაუზოგავ შრომასა და პროფესიონალიზმზეც დგას ეს მნიშვნელოვანი დარგი.
„თქვენი პროფესია არ არის მხოლოდ დარგობრივი საქმე. ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკური აქტივობის უწყვეტობასა და თითოეული ოჯახის ყოველდღიურობაზე.
სწორედ ამიტომ, ენერგეტიკოსის შრომას განსაკუთრებული ფასი აქვს.
ენერგეტიკა საქართველოსთვის მხოლოდ ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი არ არის. ენერგეტიკა არის დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური ძალა.
ჩვენ კარგად გვახსოვს, რას ნიშნავდა ენერგეტიკულად სუსტი საქართველო. გვახსოვს ქვეყანა, სადაც ელექტროენერგიის ნაკლებობა ყოველდღიური ცხოვრების სტანდარტული პრობლემა იყო.
ამიტომ, ჩვენთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება თეორიული მიზანი არ არის. ეს არის ეროვნული ამოცანა.
საქართველო აღარ უნდა იყოს ენერგეტიკულად მოწყვლადი ქვეყანა. საქართველო უნდა იყოს ენერგეტიკულად ძლიერი, თვითკმარი და რეგიონული მნიშვნელობის სახელმწიფო.
მაქვს პატივი, უკვე მეორედ მოგმართოთ ეკონომიკის მინისტრის რანგში, რომლის პასუხისმგებლობის სფეროც ენერგეტიკას მოიცავს. გასული ერთი წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახეთ ჩვენი ენერგოსისტემის ძლიერი მხარეები, მისი სისუსტეები, შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლებზეც სახელმწიფომ წინასწარ უნდა იზრუნოს.
და დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენ ვიცით, სად მივდივართ. გვაქვს მკაფიო ხედვა, გეგმა და გვაქვს ამბიცია, რომლის მასშტაბიც საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობების რეალურ პოტენციალს შეესაბამება.
ამ ხედვის პირველი საყრდენი არის გენერაცია. 2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და სამი მზის პროექტის მშენებლობა“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოს ენერგოსისტემას 300 მეგავატზე მეტი ახალი განახლებადი სიმძლავრე შეემატება.
„ეს დინამიკა გრძელდება, 2027 წელს 100-მდე მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით, 12 ელექტროსადგურის პროექტი, ჯამში 70 მეგავატზე მეტი შევა ექსპლუატაციაში.
წელს ასევე აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დასრულდა 250 მეგავატი სიმძლავრის ენერგიის შემნახველი ბატარეების შესყიდვა, სამუშაოები 2026 წელს დაიწყება და 2029 წელს დასრულდება. ეს უზრუნველყოფს სისტემის მდგრად და უსაფრთხო ფუნქციონირებას, ასევე განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის ლიმიტების გაფართოებას.
მაგრამ, ჩვენ მხოლოდ ახალ პროექტებს არ ვიწყებთ. ჩვენ ვაბრუნებთ და ვუბრუნებთ სიცოცხლეს იმ პროექტებშიც, რომლებიც წლების განმავლობაში პრობლემები ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ ჩიხში იყვნენ მოქცეული:
ენერგეტიკულ პროექტზე ჯარიმებისა და პირგასამტეხლოების მოცულობა ერთ მილიარდ ლარს აჭარბებდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სიცოცხლისუნარიან პროექტებს განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობა მისცემოდათ. ამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილების შედეგი სახეზეა - ჯარიმების პირობიანი პატიების საფუძველზე, ხელშეკრულებები გაუგრძელდა 111 პროექტს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1600-მდე მეგავატია.
ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ პრობლემა აღმოფხვრა და მხარდაჭერა გამოუცხადა კერძო სექტორს, არამედ ქვეყანას დაუბრუნა 1600 მეგავატის განვითარების პოტენციალი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო დაკრედიტებამ რეკორდულ 3.2 მილიარდ ლარს მიაღწია.
„ეს 30 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით. ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ინვესტორებს დაუბრუნდათ ნდობა ენერგეტიკის სექტორში პროცესების გამჭვირვალეობაზე, სანდოობაზე, სამართლიანობასა და სექტორის განვითარების პერსპექტივაზე. თუმცა, მხოლოდ გენერაციის ზრდა საკმარისი არ არის. ძლიერი ენერგოსისტემისთვის, საჭიროა ძლიერი ქსელი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სისტემა, რომელსაც შეუძლია მეტი ენერგიის მიღება, გადაცემა და უსაფრთხოდ მართვა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, მთავრობამ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.
„მიმდინარეობს 14 ელექტროგადამცემი ხაზისა და 4 ქვესადგურის მშენებლობა, რაც ჯამში 587 კმ-ზე მეტი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზების განვითარებას მოიცავს. ეს არის ენერგეტიკის ის ნაწილი, რომელიც შესაძლოა საზოგადოებისთვის ნაკლებად თვალსაჩინო იყოს, მაგრამ რეალურად სწორედ აქ წყდება, რამდენად სწრაფად და რამდენად საიმედოდ განვითარდება მთელი სისტემა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ პროექტზე - შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ ხაზზე.
„წელს პროექტს ევროკავშირის ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიენიჭა. წლის ბოლომდე გამოცხადდება ტენდერი შავი ზღვის ფსკერის კვლევაზე. მაგრამ ჩვენი ხედვა მხოლოდ ერთ კაბელს არ ეხება. ჩვენ ვმუშაობთ უფრო დიდ სურათზე, ვმუშაობთ „მწვანე დერეფნის პროექტზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესში ქვეყანა აძლიერებს თანამშრომლობას აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ბულგარეთთან და რუმინეთთან. მისი თქმით, სწორედ ეს არის საქართველოს ახალი ენერგეტიკული როლი.
„ამავე სტრატეგიის ნაწილია ნავთობისა და გაზის სექტორიც. აზერბაიჯანის მთავრობასთან მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, მიმდინარე წელს, მივაღწიეთ შეთანხმებას „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენის სრული დატვირთვით ამოქმედებაზე. ეს არის ეკონომიკური სარგებელიც და სტრატეგიული ფუნქციაც. საქართველო კიდევ უფრო ამყარებს საკუთარ პოზიციას, როგორც კასპიის ენერგორესურსების ევროპისკენ ტრანსპორტირების საიმედო მარშრუტი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს. მისივე თქმით რეფორმები გრძელდება სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში და საკადრო და შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაციით დაზოგილი რესურსი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც მას ყველაზე მეტი ფასი აქვს - ინფრასტრუქტურაში, განვითარებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მეტ გენერაციასთან ერთად საჭიროა მეტი ინვესტიცია და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.
„ჩვენ გვჭირდება მეტი გენერაცია. გვჭირდება ძლიერი ქსელი, მეტი ინვესტიცია, თანამედროვე ტექნოლოგია და რეგიონული პროექტები. თუმცა, პირველ რიგში გვჭირდება თქვენნაირი ადამიანები - პროფესიონალები, რომლებიც უზრუნველყოფენ სისტემის სტაბილურ მუშაობას, რომლის უკანაც დგას ყოველდღიური რთული, პასუხისმგებლიანი და შეუმჩნეველი შრომა.დღევანდელი მსოფლიო სულ უფრო მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ ვისაც ენერგია აქვს, შესაძლებლობა აქვს. ვისაც ენერგეტიკული უსაფრთხოება აქვს, მას მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებაც აქვს. ამიტომ ძლიერი ენერგეტიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ნიშნავს ეკონომიკას, რომელსაც შეუძლია განვითარება. ნიშნავს საქართველოს, რომელსაც აქვს არა მხოლოდ ენერგეტიკული უსაფრთხოება, არამედ რეგიონში საკუთარი სტრატეგიული როლი. ჩვენ სწორედ ასეთ საქართველოს ვაშენებთ. და ამ საქმეში თქვენი პროფესიონალიზმი, თქვენი გამოცდილება და თქვენი პასუხისმგებლობა შეუცვლელია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, 16 გამორჩეულ ენერგეტიკოსს საქართველოს ენერგეტიკოსის საპატიო ჯილდო გადაეცა. ისინი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დააჯილდოვა.
ენერგეტიკოსის დღე ყოველწლიურად აღინიშნება. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70