თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
24-09-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა ფორუმში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მინისტრთა ფორუმი, რომელიც გლობალური განვითარების ინიციატივისა (GDI) და გლობალური მმართველობის ინიციატივის (GGI) განხორციელებასა და მდგრადი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა, პეკინში მიმდინარე გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

თამარ იოსელიანმა, გამოსვლის დასაწყისში, საქართველოს სახელით მხარდაჭერა გამოხატა ინიციატივის მიმართ და აღნიშნა, რომ მდგრადი და ეფექტიანი სატრანსპორტო კავშირების განვითარებისთვის საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანსპორტო სისტემის მდგრად განვითარებაზე, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაზე, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე, მულტიმოდალურ კავშირებსა და სატრანსპორტო სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციაზე.

მისი განცხადებით, საქართველოსთვის მდგრადი ტრანსპორტის განვითარება გულისხმობს თანამედროვე და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. მინისტრის მოადგილის თქმით, სწორედ ეს მიდგომაა ასახული საქართველოს ტრანსპორტის განვითარების 10 წლიან გეგმაში, რაც ასევე თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.

„2032 წლისთვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ინვესტიციები მოიცავს სარკინიგზო, საზღვაო, საავიაციო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და ვაზიანში ახალ საერთაშორისო აეროპორტს. ამ პროექტებით საქართველო კიდევ უფრო აძლიერებს თავის როლს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო სისტემაში. ამასთან, შავ ზღვაზე საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ფართო რეგიონის რვა ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანას საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა”, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო შუა დერეფნის განვითარების ახალ ეტაპს. მისი განცხადებით, დერეფანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები ხორციელდება, იზრდება ბაზრის მოთხოვნა და სრულდება ქვეყნებს შორის გაძლიერებული კოორდინაციის ჩარჩოს ფორმირება.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, არსებული დინამიკა გამოვიყენოთ დერეფანში არსებული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად, გამტარუნარიანობის უკეთ გამოსაყენებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ შუა დერეფანმა ერთიანი და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის პრინციპით იმუშაოს”, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში მინისტრთა და სამუშაო დონეზე კოორდინაციის მექანიზმების შექმნა თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს და დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო და ეფექტიან კოორდინაციას შეუწყობს ხელს.

თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სატრანსპორტო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და სასაზღვრო პროცედურების გამარტივებას. ამ მიმართულებით ქვეყანა ავითარებს საზღვაო „ერთი ფანჯრის” სისტემას (Maritime Single Window), ახორციელებს სატრანსპორტო დოკუმენტების გაციფრულებას და მუშაობს საზღვრებს შორის მონაცემთა გაცვლის გაუმჯობესებაზე.

„ამ მიმართულებით უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები - მცირდება სატრანზიტო დრო და პროცედურების ხანგრძლივობა, იზრდება სატრანსპორტო სისტემის ეფექტიანობა და უმჯობესდება ბაზრებზე წვდომა. ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურაში მიმდინარე ინვესტიციებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით ეს პროგრესი მომავალშიც გაგრძელდეს და კიდევ უფრო ხელშესახები შედეგები მოიტანოს როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის,” -  განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთთან და შუა დერეფანში ჩართულ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„საქართველო მზად არის, ჩინეთთან და შუა დერეფანში ჩართულ ყველა ქვეყანასთან ერთად გააგრძელოს მუშაობა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად. ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებმა და საერთაშორისო თანამშრომლობამ უნდა უზრუნველყოს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და საიმედო სატრანსპორტო კავშირები და შექმნას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები მთელი რეგიონისთვის”, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.