თამარ იოსელიანმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 14 წლისთავისადმი და Wizz Air-ის ბაზის დაარსებიდან 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
29-09-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 14 წლისთავისადმი და Wizz Air-ის ბაზის დაარსებიდან 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მისი განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი რეისი სწორედ კომპანია Wizz Air-მა შეასრულა, ხოლო 2016 წლიდან პირველი ბაზა დაარსდა, რაც უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

„7 მიმართულებიდან დღეს უკვე 24 მიმართულებაზე ვართ ასული, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად კი, 16 ქვეყნის მიმართულებით 31 ქალაქში დავფრინავთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთავარ პარტნიორს - Wizz Air-ს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი მის განვითარებაში, რაც ჩანს რიცხვებში და შედეგიც ნათელია. 2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 1 მილიონ 600 ათას მგზავრს, 2024-ში დაახლოებით 1 მილიონ 700 ათას მგზავრს მოვემსახურეთ, ხოლო 2025 წელს უკვე გვქონდა ძალიან შთამბეჭდავი რიცხვები - დაახლოებით 1 მილიონ რვაასი ათას მგზავრზე მეტს მოვემსახურეთ“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

რაც შეეხება მიმდინარე 2026 წლის მონაცემებს, მინისტრის მოადგილის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის პოზიტიური დინამიკა კვლავ გრძელდება და პირველი 8 თვის მონაცემები ძალიან დადებითია. 

თამარ იოსელიანის თქმით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აქტიურად მუშაობს ქუთაისიდან ახალი მიმართულებების დამატების კუთხით.

მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ზოგადად დაკავშირებადობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და შესაბამისი მიმართულებები ქმნის.

„ეს ნიშნავს უფრო მეტ ბიზნესს, მეტ ტურისტს, განვითარებულ ეკონომიკას, უფრო მეტ აქტივობას რეგიონში და, შესაბამისად, უფრო მჭიდრო კავშირებს როგორც ევროპასთან, ასევე მთელ მსოფლიოსთან. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი არის, რომ განავითაროს ძირითადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ჩვენ გვაქვს 10-წლიანი ძალიან მკაფიო ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სატრანსპორტო სისტემა და აქ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ძალიან მალე დასრულდება სამუშაოები და ჩვენ წლის ბოლომდე ერთად აღვნიშნავთ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნას“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი ინფრასტრუქტურა დიდი ზომის ბორტების მიღების საშუალებას იძლევა, რისი შესაძლებლობაც დღეს ქვეყანაში არ არის. თამარ იოსელიანმა ასევე ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის გაფართოების პროექტზე.

„ჩვენი მიზანია, რომ დღეს თუ ვემსახურებით 2,5 მილიონ მგზავრს, მომავალში მოვემსახუროთ დაახლოებით 5 მილიონს“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ღონისძიებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, Wizz Air-ის კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელი ოუენ ჯონსი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.