ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და უწყვეტი მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება უსურვა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
„საქართველოსა და ჩინეთს სამ ათწლეულზე მეტია მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობები აკავშირებთ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად განვითარდა. 2023 წელს ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, ხოლო მიმდინარე წელს კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი გადავდგით, ივნისში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ ერთობლივად განვაცხადეთ. ეს ერთობლივი გადაწყვეტილება ასახავს ჩვენი თანამშრომლობის მასშტაბს და ახალ შესაძლებლობებს უხსნის ორივე ქვეყანას“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ქვეყნებს შორის პარტნიორობის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა გახდა. მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომელიც ძალაში 2018 წელს შევიდა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოებას მყარი საფუძველი ჩაუყარა.
„2026 წლის პირველ რვა თვეში საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩინეთი ამჟამად საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორია. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საინვესტიციო პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით. ჩინური ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. 2002 წლიდან დღემდე, ჩინურმა კომპანიებმა საქართველოში 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს, რამაც წვლილი შეიტანა მრავალი სექტორის განვითარებაში“, - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტრანსპორტი და ლოგისტიკა საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. მისი თქმით, ეს პარტნიორობა უკვე იძლევა ხელშესახებ შედეგებს: 2025 წელს, დერეფნის გავლით ქვეყნებს შორის საკონტეინერო გადაზიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა.
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გარდა მინისტრმა ასევე ისაუბრა ხალხთაშორისი კავშირების მნიშვნელობაზე. ამ ჭრილში მან აქცენტი ქვეყნებს შორის დაკავშირებადობაზე გააკეთა.
“2024 წლის მაისიდან საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით, რამაც ახალი შესაძლებლობები შექმნა ტურიზმის, ბიზნესის, განათლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობებისთვის. მიმდინარე წელს დაკავშირებადობა კიდევ უფრო განმტკიცდა შანხაი-თბილისის პირდაპირი ავიარეისების ამოქმედებით. ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან პოტენციალს ყველა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის განმტკიცებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.
საზეიმო მიღებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ტაი ჩუნიუნგმა.
ღონისძიებაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნები შესრულდა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 77-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70