თამარ იოსელიანმა მსოფლიო ბანკის რეგიონული ფორუმის „შუა დერეფანი: მომდევნო ეტაპი“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
01-10-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ ფორუმში „შუა დერეფანი: მომდევნო ეტაპი“ მიიღო მონაწილეობა და პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.

თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობას და ყურადღება იმ ძირითად პროექტებსა თუ რეფორმებზე გაამახვილა, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს აქვს ტრანსპორტის სექტორის 10-წლიანი განვითარების გეგმა, რომლის ფარგლებშიც ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს გეგმა, პორტებსა და რკინიგზასთან ერთად, აეროპორტებსაც მოიცავს. 

„ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, ჩვენ ასევე ვმუშაობთ გაციფროვნებაზე  ახალი თაობის დერეფნის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2025 წელი ტვირთბრუნვის თვალსაზრისით რეკორდული იყო, სადაც ციფრული ტექნოლოგიების როლიც სრულად გვაქვს გათვალისწინებული. ჩვენ დავასრულეთ რკინიგზის მოდერნიზაცია. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2026 წლის ივნისიდან სრულად ამოქმედდა, რამაც გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაზარდა. ასევე ვმუშაობთ პორტების განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ, სახელმწიფოს ძალისხმევასთან ერთად, ფოთის პორტში მოქმედი კერძო პარტნიორებიც ავითარებენ და აფართოებენ თავიანთ სიმძლავრეებს, რათა საქართველო კიდევ უფრო სანდო პარტნიორი გახდეს შუა დერეფანში. ამასთან, საქართველოს რკინიგზაში ისტორიული მოდერნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. 2026 წლის განმავლობაში 1 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელდება მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და დარგის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

თამარ იოსელიანის თქმით, ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო სამსახურის მხარდაჭერით, მნიშვნელოვნად შემცირდა განბაჟების დრო, რაც ოპერაციული ეფექტიანობის ამაღლების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია.

„შევამცირეთ ტრანზიტის დრო 50%-ით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე მთლიანად დერეფნის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. საავტომობილო ტრანსპორტირების მიმართულებით რეგიონის პარტნიორ ქვეყნებთან აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და სხვა სახელმწიფოსთან ერთად ვმუშაობთ ელექტრონული სანებართვო სისტემის დანერგვაზე. რაც შეეხება საზღვაო კომპონენტს, დავნერგეთ ,,საზღვაო ერთი ფანჯრის“ სისტემა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გემების სწრაფ და ეფექტიან მომსახურებას“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა პანელურ დისკუსიაზე. 

გამოსვლის ბოლოს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან და კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება ისეთი სტრატეგიული პროექტები, როგორიცაა თბილისის მშრალი პორტი.

მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კასპიის და შავ ზღვებს შორის სტრატეგიული ადგილმდებარეობით საქართველოს უკვე აკისრია წამყვანი როლი ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში (TCTC) და ქვეყანა მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს მისი მომავლის ფორმირებაში. 

ღონისძიებაში  საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის ხელისუფლების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  ფორუმის ფარგლებში გაიმართა მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“ ოფიციალური პრეზენტაცია.