2026 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით გაიზარდა, ხოლო ცხრა თვის ეკონომიკურმა ზრდამ 7.4% შეადგინა
30-10-2026

ქვეყნის ეკონომიკაში დადებითი დინამიკა გრძელდება. ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.

წინასწარი მაჩვენებლებით, 2026 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 6.0% შეადგინა, ხოლო 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 7.4%-ს გაუტოლდა.

სექტემბრის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ჯანდაცვის, ვაჭრობისა და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

იანვარ-სექტემბერში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა და 6,153.2 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) ზრდა კი 60.3%-ს გაუტოლდა.

ამასთან, ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის მიუხედავად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.4%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი, 3,796.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

არსებული მაჩვენებლების თანახმად, 2026 წლის სექტემბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 2025 წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წინა წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით 32.1%-ით არის გაზრდილი.