საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის (GGFCI) შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
მრგვალი მაგიდის ფორმატში მინისტრებმა მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალურ ინიციატივა განიხილეს, რომელიც თურქეთის მიერ არის ინიცირებული და მიზნად ისახავს, გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკურ და სოციალურ კომისიასთან თანამშრომლობით, ახალი საკოორდინაციო პლატფორმის შექმნას, რომელიც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მდგრად განვითარებასა და გარემოზე მათი ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს.
ინიციატივა ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას ითვალისწინებს. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება, სუფთა ენერგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება, ციფრული და მულტიმოდალური კავშირების განვითარება, ასევე მწვანე პროექტებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ქალაქ იზმირში მომხდარი აფეთქების გამო თურქეთის მთავრობას, ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
“საქართველოს მთავრობის და ხალხის სახელით, აგრეთვე ჩემი სახელით, მინდა, გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო თურქეთის მთავრობას და ხალხს, განსაკუთრებით კი დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრები ამ რთულ დროს თურქ ხალხთანაა, დაზარალებულებს კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებული დოკუმენტის თანახმად, საქართველო მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის ტრანსპორტის სექტორიდან სათბურის აირების გაფრქვევა 20%-ით, ხოლო 2035 წლისთვის 25%-ით შეამციროს იმ პროგნოზულ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც დამატებითი ღონისძიებების გატარების გარეშე დაფიქსირდებოდა.
„ეს ამოცანები ჩვენს ტრანსპორტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიაშია ინტეგრირებული, რომელიც, სარკინიგზო მოდერნიზაციის, საპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურისა და მულტიმოდალური დაკავშირებადობის ჩათვლით, 2032 წლისთვის დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. ჩვენი მიდგომა ოთხ პრიორიტეტზეა ფოკუსირებული“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა გლობალური მწვანე სატვირთო დერეფნების ინიციატივის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.
„საქართველო მიესალმება გლობალური მწვანე სატვირთო დერეფნების ინიციატივას და მხარს უჭერს მის ოთხ ძირითად მიმართულებას: მწვანე და მდგრადი დერეფნების განვითარებას, სუფთა ენერგიასა და ტექნოლოგიებს, ციფრულ და მულტიმოდალურ დაკავშირებადობას, ინვესტიციებსა და კლიმატის დაფინანსებას“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებით მიესალმება ინიციატივის აქცენტს არსებული რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენების აუცილებლობაზე.
„საქართველო კვლავაც ერთგულია უფრო ეფექტიანი, მედეგი და გარემოსთვის მდგრადი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართ. მზად ვართ ვიმუშაოთ ყველა პარტნიორთან, რათა ჩვენი საერთო ამბიციები რეალურ შედეგებად ვაქციოთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გრძელდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, გამტარუნარიანობის გაფართოება და მოძრავი შემადგენლობის განახლება, რათა მეტად შეუწყონ ხელი დაბალი ემისიის მქონე სატვირთო ტრანსპორტზე გადასვლას. სიტყვით გამოსვლისას მან ასევე ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზის ქსელი სრულად ელექტრიფიცირებულია, რაც მყარ საფუძველს ქმნის დაბალი ემისიის მქონე სატვირთო გადაზიდვებისთვის.
„ჩვენი სარკინიგზო მოდერნიზაციის პროექტით, რომელიც 2025 წელს დასრულდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა გამტარუნარიანობა და საიმედოობა და, ამასთან, ტრანზიტის დრო განახევრდა. მიმდინარე წლის ივნისში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სრული დატვირთვით ამოქმედდა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობით აზიასა და ევროპას შორის დაკავშირებადობა კიდევ უფრო გააძლიერა“- აღნიშნა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანტალიაში მიმდინარე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ერთ-ერთი საკვანძო პროექტია, რომლის ამოქმედებაც 2029 წლისთვის იგეგმება.
„ანაკლია გააძლიერებს რკინიგზისა და ნავსადგურის ინტეგრაციას და თანამედროვე, ენერგოეფექტური საპორტო ოპერაციებისთვის შექმნის შესაძლებლობებს. ჩვენ ასევე ვახორციელებთ საზღვაო გარემოსდაცვით ინიციატივებს, მათ შორისაა „ლურჯი პორტების“ პროექტი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) თანამშრომლობა GreenVoyage2050 პროგრამის ფარგლებში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ციფრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს შეფერხებების შემცირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ენერგიის არასაჭირო ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანას. მისივე თქმით, 2024 წელს საზღვაო „ერთიან ფანჯარზე“ გადასვლის შემდეგ, საზღვაო ადმინისტრაციული პროცედურების დრო დაახლოებით 24 საათიდან ერთ საათამდე შემცირდა. აგრეთვე, სარკინიგზო საზღვრის გადაკვეთის პროცედურები დაახლოებით 7,5-ჯერ დაჩქარდა.
„ჩვენ ვაგრძელებთ სატრანსპორტო დოკუმენტაციის დიგიტალიზაციას და ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემების განვითარებას ტვირთების მეთვალყურეობისა და ოპერაციული ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
შუა დერეფანზე საუბრისას ქვეყნის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ შუა დერეფნის წარმატება დამოკიდებულია კოორდინირებულ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზე, სინქრონიზებულ ოპერაციებსა და გამარტივებულ სასაზღვრო პროცედურებზე მონაწილე ქვეყნებში. მინისტრის თქმით, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს რეგიონულ პარტნიორებთან ამ მიზნების მისაღწევად.
„მწვანე ტრანზიცია ასევე მოითხოვს ინვესტიციებსა და კლიმატური საკითხების დაფინანსებას. შესაბამისად, მივესალმებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, განვითარების პარტნიორებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ გახსნა. მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ შეხვედრაში მინისტრთა დონეზე 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის: ბულგარეთის, ჩეხეთის, აზერბაიჯანის, ნიდერლანდების წარმომადგენლები.
ღონისძიება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) ორგანიზებით გაიმართა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70