მარიამ ქვრივიშვილმა და Eagle Hills Group-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარე მოჰამედ ალაბარმა საინვესტიციო პროექტის შესახებ შეთანხმებები გაცვალეს
19-09-2025

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ეწვია. 

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და Eagle Hills Group-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარე მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.

დოკუმენტების გაცვლის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი დაესწრნენ.