ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა “ეიპიემ ტერმინალს ფოთი”-სა და “Pace ჯგუფის“ ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის, ასევე ბათუმის საზღვაო პორტის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ნავსადგურების განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო.
თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოში გაზრდილია როგორც შემოსული გემების, ისე მიღებული ტვირთის ოდენობა - 2025 წლის 9 თვის მაჩვენებლებით ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში შემოსული გემების ოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე გაზრდილია შემოსული გემების ტონაჟიც. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებული იქნა 567,577 TEU, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში დაახლოებით 20%-იანი მატებაა. საანგარიშო პერიოდში გენერალური ტვირთების 12-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბათუმის სარკინიგზო სავაგონო დეპოში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და სამუშაო პროცესებსაც გაეცნო. როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, შუა დერეფნის მარშრუტზე მოთხოვნა მზარდია, რასაც შესაბამისი სტატისტიკური მაჩვენებლებიც ცხადყოფს: 2025 წლის 9 თვეში შუა დერეფანზე, ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.9%-ით მეტია, ხოლო რკინიგზით იმპორტის რეჟიმში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობა 10.8%-ით გაიზარდა, მათ შორის, მატება დაფიქსირდა რკინიგზით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობაშიც. თამარ იოსელიანის შეფასებით, რკინიგზის მოდერნიზაციისა და გამტარუნარიანობის გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილი რეფორმის კვალდაკვალ, შუა დერეფანი კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური დოვლათის მომტანი გახდება ქვეყნისთვის.
ნავსადგურებში ვიზიტის ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა საზღვაო ტრანსპორტის საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების, პერსონალის მომზადების მიმართულებებით გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები. თამარ იოსელიანის განცხადებით, მაღალი ხარისხის განათლება საერთაშორისო შრომის ბაზარზე ქართველ მეზღვაურთა კონკურენტუნარიანობაზე პირდაპირ აისახება, მეზღვაურების შრომის ბაზარი კი, თავის მხრივ, უშუალო კავშირშია პროფესიონალიზმთან და განათლების სისტემის დონესთან. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას სასწავლო პროგრამის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, რათა ქართველ მეზღვაურებს გაუადვილდეთ საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების კომპანიებში დასაქმება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და მის ფოთის ფილიალში საზღვაო კადრების მომზადების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვის მნიშვნელობას. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ორივე სასწავლებელში სასწავლო პროცესების თანამედროვე მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაზე. თამარ იოსელიანის შეფასებით, სანავსადგურე სექტორი და საზღვაო საქმიანობა მუდმივად ვითარდება და შრომის ბაზარზე ახალ პროფესიებსა თუ უფრო კვალიფიციურ მუშახელზე ჩნდება მოთხოვნა, რომელთა დასაკმაყოფილებლად სასწავლო პროგრამების მუდმივი განახლებაა საჭირო.
მინისტრის მოადგილესთან ერთად, ბათუმსა და ფოთში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე იმყოფებოდნენ.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70