გენადი არველაძე: CAREC-ის ქვეყნები ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პარტნიორობის შეთანხმების თაობაზე შეთანხმდნენ
20-11-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, ხელი მოაწერა დეკლარაციას CAREC-ის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პარტნიორობის შეთანხმების (CARTIF) თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ხელმოწერა  ყირგიზეთის ქალაქ ბიშკეკში CAREC-ის რიგით 24-ე მინისტრთა კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.  

დეკლარაციის მიზანია თანამედროვე, განვითარებაზე ორიენტირებული საპარტნიორო შეთანხმების გაფორმება, რომელიც ხელს შეუწყობს CAREC-ის რეგიონში საქონლით და მომსახურებით ვაჭრობას, შეამცირებს არა-სატარიფო ბარიერებს და წაახალისებს ციფრული ვაჭრობის განვითარებას. დეკლარაციით ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პარტნიორობის შეთანხმების შესახებ (CARTIF) მოლაპარაკებების დაწყება 2026 წლისთვისაა დაგეგმილი. 

მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ დადებითად შეაფასა CARTIF-ის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყება CAREC-ის ქვეყნებთან. „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმება წარმოადგენს, რათა საქართველოს წარმოებული პროდუქცია და მომსახურება რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში პრეფერენციული რეჟიმით შევიდეს. CAREC - ის ქვეყნებიდან მხოლოდ ნაწილთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამდენად, CARTIF-ის ფორმატში თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართველ მწარმოებლებს, პროდუქცია პრეფერეციული რეჟიმით მეტ ქვეყანაში გაიტანონ“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. გენადი არველაძის შეფასებით, CARTIF-ის მიზანია გაამარტივოს ვაჭრობა წევრ ქვეყნებს შორის, მოიზიდოს ინვესტიციები და შექმნას უფრო კონკურენტუნარიანი ბაზარი.

მინისტრთა კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაფორმდა მემორანდუმი CAREC-ის რეგიონული ტურიზმის განვითარების შესახებ, რომლის მიზანია მიზანია რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება, კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება და CAREC-ის რეგიონის პოზიციონირება როგორც ერთიანი, მაღალი ღირებულების ტურისტული მიმართულება. 

CAREC-ის მინისტრთა კონფერენცია ყოველწლიური ღონისძიებაა, სადაც იკრიბებიან პროგრამის მონაწილე სახელმწიფოების მაღალი დონის წარმომადგენლები სტრატეგიული გეგმებისა და სამოქმედო პროგრამების დასამტკიცებლად, სხვადასხვა ინიციატივების და პროექტების დაფინანსების მექანიზმებისა და სხვა მნიშვნელოვანი თემატური საკითხების განსახილველად.