ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების მინისტერიალზე მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვიდა
27-11-2025

ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების მინისტერიალზე მარიამ ქვრივიშვილმა იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომლითაც საქართველოს შეუძლია ხელი შეუწყოს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას, ასევე რეგიონსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარებას. მინისტრის განცხადებით, საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია და როგორც ევროპისა და აზიის  დამაკავშირებელი ქვეყანა, მზადაა ითანამშრომლოს ევროკავშირთან და ყველა შესაბამის პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიაში დასახული ამბიციური მიზნების შესაბამისად. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის გლობალური კარიბჭის ინიციატივა გულისხმობს ინფრასტრუქტურის განვითარებისადმი ერთიან მიდგომას და ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ხედვასა და გრძელვადიან ეკონომიკურ ღირებულებაზე დაფუძნებულ პარტნიორობას.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველო თავის გეოგრაფიას ეკონომიკურ უპირატესობად აქცევს, აძლიერებს სუვერენიტეტს დაკავშირებადობის ზრდით და პოზიციონირებს, როგორც მნიშვნელოვანი და სანდო დამაკავშირებელი ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის. მისი შეფასებით, ინიციატივები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს, აძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ქმნის უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად გარემოს.

მინისტრის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს შუა დერეფნის განვითარებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, სატრანსპორტო გამტარუნარიანობის გაზრდას და ლოგისტიკური პროცესების უწყვეტობას. მათ შორის, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, რის შედეგადაც გაორმაგდა რკინიგზის გამტარუნარიანობა და განახევრდა საკონტეინერო  გადაზიდვებთან დაკავშირებული ტრანზიტის დრო, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალს, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და სხვა ინიციატივებს, რაც საქართველოს ტრანსკონტინენტური ქსელის კიდევ უფრო კონკურენტუნარიან სეგმენტად აქცევს. 

„საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელის მოდერნიზაცია მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანამ საიმედოდ შეძლოს ევროპასა და აზიას შორის მზარდი სავაჭრო ნაკადების შეუფერხებელი გატარება. რეგიონული დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად, სატრანსპორტო სისტემების განვითარებისა  და ლოგისტიკური პროცესების დასაჩქარებლად შუა დერეფნის განვითარება ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველო აგრძელებს სატრანზიტო პროცედურების გამარტივებას, მათ შორისაა ელექტრონულ მონაცემთა გაცვლა, საბაჟო პროცესების ჰარმონიზება, ასევე რეგიონულ და ევროპულ ციფრულ სისტემებთან მჭიდრო ინტეგრაცია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მდგრადი, მწვანე ტრანსპორტის ხელშეწყობისა და დერეფნის გასწვრივ კოორდინაციის მექანიზმების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, საქართველო დიდ ყურადღებას აქცევს ჰარმონიზაციას, ურთიერთთავსებადობასა და ინტეგრირებულ მონაცემთა სისტემებს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გაციფრულება დაკავშირებადობის დღის წესრიგის მთავარ საკითხად რჩება და შეესაბამება ევროკავშირის ციფრული ტრანსპორტის ინიციატივებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, გლობალური გამოწვევებისა და ვაჭრობის დინამიკის ცვლილებების ეპოქაში, რეგიონული სატრანსპორტო კავშირები და ინიციატივები, მათ შორის, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი და შუა დერეფანი  მდგრადობისა და თანამშრომლობის საიმედო სიმბოლოდ იქცნენ.

ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტერიალში მონაწილეობდნენ ევროკომისარი საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში ჯოზეფ სიკელა, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი, ასევე მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, ელჩები და ტრანსპორტის დარგის ექსპერტები უზბეკეთიდან, ლიეტუვადან, რუმინეთიდან, თურქეთიდან, ჩეხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, საფრანგეთიდან, ყირგიზეთიდან, თურქმენეთიდან, ლატვიადან და სლოვაკეთიდან.