ინგა ფხალაძე: „საქართველო, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონების ენერგეტიკული ინტეგრაციის გაღრმავებაში“
15-12-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ ქვეყნის ენერგეტიკულ პოლიტიკასა და დარგის განვითარების ხედვაზე ისაუბრა კონფერენციაზე „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები“ სიტყვით გამოსვლისას. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყნის განვითარების პროცესში ენერგეტიკა მნიშვნელოვანი სტრატეგიული საფუძველია, რომელიც როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით საქართველოს გრძელვადიანი მიზნების განხორციელებას უზრუნველყოფს. 

მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, ენერგოეფექტურობის გაძლიერება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის  უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია.

„საქართველო დიდ პოტენციალს ფლობს განახლებადი ენერგიის მიმართულებით — ჰიდრორესურსები, ქარისა და მზის ენერგია წარმოადგენს შესაძლებლობას, რომელიც გონივრულად უნდა იქნეს ათვისებული. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა. ასევე უმნიშვნელოვანესია ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ბაზრების კოორდინირებული განვითარება. ამ პროცესში, საქართველო, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონების ენერგეტიკული ინტეგრაციის გაღრმავებაში“ - აღნიშნა ინგა ფხალაძემ. 

სანდო და პროგნოზირებადი საინვესტიციო გარემო და ინვესტორთა მხარდაჭერის მექანიზმები კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა. ინგა ფხალაძის შეფასებით, ინვესტიციების გაძლიერება, ადგილობრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, რეგიონში ის ადგილი დაიკავოს, რომელიც მის პოტენციალს და სტრატეგიულ მნიშვნელობას შეესაბამება.

კონფერენციის მონაწილეებს ინგა ფხალაძემ ასევე ენერგეტიკის სექტორში მსხვილი პროექტების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე გააკეთა, რომლის განვითარებაზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. 

„აღნიშნული ინიციატივა საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გადაიქცეს რეგიონულ და ევროპულ ენერგეტიკულ ქსელებს შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლად. შესაბამისად, ეს პროექტი საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკას სრულიად ახალ განზომილებას სძენს და ევროკავშირის ენერგეტიკულ სივრცესთან ინტეგრაციის მიმართულებით ქმნის უპრეცედენტო პერსპექტივას“ - განაცხადა ინგა ფხალაძემ. 

ეკონომიკური ფორუმის კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი დავით ნარმანია და საქარტველოს ბანკის გენერალი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე. ოფიციალური მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ბიზნესის წარმომადგელებთან. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.