ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ტურიზმის ინდუსტრიის 2025 წლის შუალედური შედეგები და 2026 წლის გეგმები გააცნეს. შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას ირაკლი ნადარეიშვილმა აქცენტი გააკეთა ტურიზმის დარგის განვითარების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით კერძო სექტორთან დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ტურიზმი განსაკუთრებით ინკლუზიური დარგია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში.
„ტურიზმის სექტორის განვითარება ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ტურიზმის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს და დასაქმების 9%-ს შეადგენს, ამასთან, მომსახურების ექსპორტის თითქმის 60% სწორედ ტურიზმზე მოდის. ეს არის განსაკუთრებით ინკლუზიური დარგი, რომელიც დიდ როლს თამაშობს მცირე და მიკრო მეწარმეობის, ასევე რეგიონების განვითარების პროცესში. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული სექტორის განვითარების მიმართულებით და დღეს საქართველოს ნამდვილად აქვს თავისი ადგილი მსოფლიო რუკაზე, საერთაშორისო აღიარება, ჩვენი ქვეყანა მიმზიდველ დანიშნულების ადგილად იქცა, მათ შორის ბევრი ისეთი ქვეყნისთვის, სადაც მანამდე არ გვიცნობდნენ“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ტურიზმის ზრდის დინამიკაზე, მათ შორის ავიაციის სექტორზე.
„საქართველოში დღეს 70-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს 120-ზე მეტი პირდაპირი მიმართულებით მთელ მსოფლიოში, რასაც თავისი წვლილი შეაქვს ტურიზმის განვითარებაში. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა, რისთვისაც აქტიურად ვმუშაობთ - „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების მხრიდან ბოლო წლებში 614 სასტუმრო პროექტია მხარდაჭერილი, რაც 1,3 მლრდ ლარის ინვესტიციის მხარდაჭერილი პორტფელია, ასევე 270 სარესტორნე ობიექტი, რაც დაახლოებით 250 მლნ ლარის ინვესტიციაა“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი ტურიზმის ზრდის პროცესში პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების მნიშვნელობაზე გააკეთა.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება.
შეხვედრაზე წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2025 წლის სამი კვარტლის მონაცემებით ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი 3.6 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, +5.1%-ით მეტია. ასევე რეკორდულია ტურისტული ვიზიტების 9 თვის მაჩვენებელი - 4.3 მილიონი, რაც +7.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70