საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩის თანათავმჯდომარებით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა.
კომისიის გახსნით სიტყვაში მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მზარდ დინამიკაზე, ასევე სხვადასხვა სექტორული მიმართულებით არსებულ პოტენციალზე ისაუბრა.
„დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოლაპარაკებების დაწყებას საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე“. საქართველო მზად არის, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები სერბ კოლეგებთან მჭიდრო პარტნიორობით. მიუხედავად მზარდი დინამიკისა, ორმხრივი ვაჭრობის მიმდინარე მოცულობა ჯერ კიდევ არ ასახავს სრულ პოტენციალს და აუცილებელია გავააქტიუროთ ძალისხმევა ამ ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარებისა და გაფართოებისთვის“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სექტორული მიმართულებით მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით მიმდინარე მსხვილ პროექტებზე, ისევე როგორც თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ენერგეტიკის დარგის მიმართულებთ.
„საქართველო მზარდ ტვირთბრუნვას პასუხობს მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების იმპლემენტაციით, მათ შორისაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის განვითარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობა. ეს პროექტები მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანსპორტო ქსელის გამტარუნარიანობას და გააძლიერებს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლს რეგიონში“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, ჩვენი ქვეყანა მზარ არის გავაღრმავოთ დიალოგი, გავცვალოთ გამოცდილება ენერგეტიკული ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით და მხარი დავუჭიროთ სტაბილურ, გამჭვირვალე ენერგეტიკულ ჩარჩოს, ევროპული პრინციპების შესაბამისად.
„ამ პარტნიორობის გაძლიერება ხელს შეუწყობს უსაფრთხოების ამაღლებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციასა და ორივე ქვეყნის გრძელვადიან მდგრადობას. ამავე კონტექსტში, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის პირდაპირ დაკავშირებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან შავი ზღვის ფსკერზე გამავალი წყალქვეშა კაბელით. ამ პროექტის იმპლემენტაციის შედეგად, ევროპა შეძლებს დაუკავშირდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს, რაც პირდაპირ წვლილს შეიტანს ევროკავშირისა და კავკასიის რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ასევე დადებითად შეაფასა სერბეთის მთავრობის გადაწყვეტილება, უახლოეს პერიოდში თბილისში მუდმივმოქმედი საელჩოს გახსნის შესახებ, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენ ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებისკენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენების დაწყების შემდეგ, 2025 წლის მესამე კვარტალში სერბეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთანავე, პირდაპირმა ფრენებმა შეუწყო ხელი სერბეთიდან ტურისტების რაოდენობის 20%-ზე მეტად ზრდას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში.
საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ერთობლივ განცხადებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იაგოდა ლაზარევიჩმა მოაწერეს ხელი.
საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგიამ და საბერძნეთსა და სერბეთის რეპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ლევან ბერიძემ.
კომისიის მეორე სხდომა ოქმის ორმხრივი ხელმოწერით დასრულდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩმა მოაწერეს.
სხდომის დასრულების შემდეგ, მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე იაგოდა ლაზარევიჩთან ერთად, ბრიფინგი გამართა, სადაც ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტულ სფეროებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70