მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია, ტავ ჯორჯია, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, ხუთი წლით გააგრძელებს
15-01-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად  მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ფრანგული Groupe ADP-ის წევრ „ტავ ჯორჯიას“-ს მიერ შეთანხმების გაფორმების ღონისძიებაში, რომლის თანახმად კომპანია 2031 წლის ბოლომდე გააგრძელებს ოპერირებას. 

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გაფორმებული შეთანხმებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება - ფრანგული ADP Group-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში  დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

„ავიაციის სექტორს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ტრანსპორტის და ლოჯისტიკის, ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი ხელისუფლების გამორჩეულ პრიორიტეტს წარმოადგენს აღნიშნული ინდუსტრიის გაძლიერება, საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი პირდაპირი ფრენების უზრუნველყოფა. ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიულ არჩევანს - სამოქალაქო ავიაციის განვითარება განხორციელდეს ძლიერი ინსტიტუციური ჩარჩოს, მკაფიო პასუხისმგებლობებისა და სანდო საერთაშორისო პარტნიორობის საფუძველზე“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, ავიასექტორში რომ 2025 წელს, საქართველოში ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ხუთი საკვანძო მიმართულებით - ავიაკომპანიების, პირდაპირი მიმართულებების, ფრენის სიხშირეების, მგზავრთანაკადისა და ტურისტული ვიზიტების კუთხით. ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან დღესდღეობით 77 ავიაკომპანია, 125 პირდაპირი მიმართულებით ასრულებს ფრენებს. 

„პირდაპირი ფრენების მატებამ, განაპირობა ისტორიული შედეგი - სამივე საერთაშორისო აეროპორტი 8,5 მლნ მგზავრსა და 37,000-ზე მეტ რეისს მოემსახურა. ეს 2024 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 14%-იან და რეისების 16%-იან ზრდას წარმოადგენს. ავიაციის სექტორის განვითარება კი, პირდაპირპროპორციულად ისახება ტურიზმის სექტორის მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებაზე - 2025 წლის ტურიზმის სექტორში უპრეცენდენტო წარმატებას მივაღწიეთ - ჩვენმა ქვეყანამ 5 მილიონ 500 ათას-ზე მეტ ტურისტულ ვიზიტს უმასპინძლა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა სამოქალაქო ავიაციის სექტორის შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს ფრანგულ სახელმწიფო კომპანია Groupe ADP-თან განახლებული პირობებით თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ისე მთლიანად სექტორის განვითარებისთვის.  

„საქართველოს ავიასექტორის განვითარება არის დინამიური, მდგრადი და შეუქცევადად მზარდი.  სწორედ ეს გარემობაა ერთ-ერთი წინაპირობა, რის გამოც მივიღეთ ვაზიანის ახალი, თანამედროვე აეროპორტის აშენების გადაწყვეტილება. იქამდე კი, ვიდრე ახალი აეროპორტი 2031 წლიდან ოპერირებას დაიწყებს, ჩვენ განვაგრძობთ ფრანგულ სახელმწიფო კომპანიასთან თანამშრომლობით და მათთან მიღწეული გაუმჯობესებული პირობებით ავიაციის სექტორის განვითარებას“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინვესტიციის განხორციელების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად განვითარდება, ტერმინალის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და არსებული 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონს გადააჭარბებს. განახლების შედეგად, დღეს არსებული თვითმფრინავის 58 სადგომის რაოდენობა 65-მდე გაიზრდება. 

„ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, გაუმჯობესდა სახელმწიფოს კომერციული პირობებიც - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველწლიურად სამჯერ მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე - დღეს. ასევე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება პროექტის ღირებულების საავანსო თანხას, დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.