2025 წელს ექსპორტი 11.2%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს - 7,291.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რეკორდულია გასული წლის სავაჭრო ბრუნვის მოცულობაც - ზრდამ 10.1 პროცენტი შეადგინა
20-01-2026

2025 წელს ექსპორტი 11.2%-ით გაიზარდა და რეკორდულ 7,291.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ადგილობრივი ექსპორტი 12.5%-ით გაიზარდა და მოცულობამ 3,367.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ექსპორტის მსგავსად, ასევე რეკორდულია 2025 წლის სავაჭრო ბრუნვის  მოცულობაც - ზრდა 10.1%-ს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დეკემბერში სავაჭრო ბრუნვა 2,521.1 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.1%-ით მეტია. 

გასული წლის დეკემბერში 22.5%-ით არის გაზრდილი ექსპორტიც - მისი მოცულობის მაჩვენებელი 673.2 მილიონი აშშ დოლარია. ხაზგასასმელია, რომ ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გამოკლებით), წინა წლის დეკემბერთან შედარებით 58.1%-ით გაიზარდა და მისი მოცულობა 368.0 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. 

2025 წელს ექსპორტის სტრუქტურაში ხაზგასასმელია ყირგიზეთის (20.6%), ყაზახეთის (12.5%), ევროკავშირის ქვეყნების (12.0%) წილი. ქვეყნების მიხედვით, 2025 წელს ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ყირგიზეთში, ბულგარეთში, ჩინეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, რუსეთსა და უზბეკეთში, ხოლო პროდუქტების მიხედვით, 2025 წლის ექსპორტის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი უჭირავს: მსუბუქ ავტომობილებს, ძვირფასი ლითონების მადნებს, სპირტიან სასმელებს, ყურძნის ნატურალურ ღვინოებს, ფეროშენადნობებს, მინერალურ და მტკნარ წყლებს და ა.შ. უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან, 2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების, ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, თხილისა და სხვა კაკლის, ნავთობის და ნავთობპროდუქტების, მინერალური და გაზიანი წყლების, აზოტოვანი სასუქებისა და მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი.

აღსანიშნავია, რომ აქამდე 2024 წელსაც რეკორდული იყო ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის მოცულობა: სავაჭრო ბრუნვა 2024 წელს 8.1 პროცენტით გაიზარდა და 23.4 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო ექსპორტი 7.8 პროცენტით იყო გაზრდილი და 6.6 მილიარდ აშშ. დოლარს შეადგენდა.