ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორს ნიკოლას რალოს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების არსებული დინამიკა და სამომავლო პროექტები.
მინისტრის მოადგილემ ICAO-ს რეგიონული დირექტორს გააცნო საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლები. აგრეთვე ინფასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის აეროპორტების გამტარუნარიანობის ზრდას და მათი ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებას. როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, 2025 წელს საქართველო საჰაერო გზით დაახლოებით 8,5 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. გარდა ამისა, ქვეყნის აეროპორტებში 38 ათასზე მეტი ავიარეისი შეასრულდა, რაც 17,5 პროცენტით აღემატება წინა წლის მონაცემს. ასევე გაიზარდა ტვირთბრუნვის მაჩვენებელი - აეროპორტები 2025 წელს 38,578 ტონა ტვირთს მოემსახურნენ, რაც წინა წელთან შედარებით 50 პროცენტით მეტია.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანა თანმიმდევრულად ავითარებს საავიაციო ინფასტრუქტურას, რათა საერთაშორისო მოთხოვნების სრული დაცვით და სათანადო ხარისხით უზრუნველყოს გაზრდილი ნაკადების მომსახურება. თამარ იოსელიანის თქმით, თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადის მზარდი დინამიკის გათვალისწინებით, მთავრობა დედაქალაქში ახალ საერთაშორისო აეროპორტს აშენებს, რომელიც 2031 წლის ბოლოს ამოქმედდება, მისი გამტარუნარიანობა თბილისის არსებულ აეროპორტთან შედარებით 4-ჯერ მეტი იქნება და 20 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით საქართველოს მიერ ნაჩვენებ პროგრესს, რაც ICAO-ს საერთაშორისო აუდიტების ანგარიშებში და ქვეყნის საერთო მაჩვენებლებზე აისახა. აღნიშნული შედეგებით, საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით, საქართველოს საერთო მაჩვენებელი 87.64%-მდე გაუმჯობესდა, ხოლო საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის მდგრადობის ინდიკატორი 89.75%-მდე გაიზარდა. ნიკოლას რალომ დადებითად შეაფასა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მუშაობა დარგის რეგულირების გაუმჯობესების კუთხით და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა რეგიონში ICAO-ს სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან ფრენების დაწყების საკითხს. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოს აქტიურ ჩართულობას ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფებსა და ღონისძიებებში. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა კვლავაც შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი ICAO-ს დღის წესრიგით გათვალისწინებულ აქტივობებში და ამასთან იყოს ავიაციის სფეროსთვის აქტუალური რეგიონალური თუ გლობალური ღონისძიებების მასპინძელი ქვეყანა.
შეხვედრა საფრანგეთში, ქალაქ პარიზში ICAO-ს რეგიონულ ბიუროში შედგა. მასში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა, „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან კარანაძემ და საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ირაკლი ყურაშვილმა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70