საქართველოს დელეგაციამ ავიაკომპანია „China Southern Airlines“-თან პეკინი-თბილისი-პეკინისა და სხვა ქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყებაზე მოლაპარაკება გამართა
23-04-2026

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრა ავიაკომპანია „China Southern Airlines“-ის კომერციული კომიტეტის დირექტორის მოადგილე ტან გუანგთან გამართეს. საუბარი შედგა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე. 

ქართულმა მხარემ ავიაკომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციასა და ტურიზმის სექტორის ზრდის მაღალი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილეს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდის მაჩვენებელზე - 2025 წელს ქვეყანამ 127,895 ჩინელი ვიზიტორი მიიღო, რაც 44%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჩინურ ავიაკომპანიასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე თბილისიდან როგორც პეკინის, ასევე ჩინეთის სხვა ქალაქების მიმართულებებით პირდაპირი რეისების განხორციელებასთან დაკავშირებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა და „China Southern Airlines“-ის კომერციული კომიტეტის დირექტორის მოადგილემ ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის მარშრუტის ფარგლებში რეგიონული სატვირთო ჰაბის ფუნქციონირების შესაძლებლობაზე. აღინიშნა, რომ “China Southern Cargo”-ს სატვირთო ოპერაციებისთვის თბილისიდან შესაძლებელია პირდაპირი წვდომა შავი ზღვის პორტებზე, სარკინიგზო დერეფნებსა და ასევე რეგიონის საავტომობილო ქსელებზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტვირთების ტრანსპორტირების მასშტაბს და ეფექტიანობას.

ავიაკომპანია “China Southern Airlines” ერთ-ერთი უდიდესი ავიაგადამზიდია არამარტო ჩინეთის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. კომპანია ავიარეისებს 121 მიმართულებით მსოფლიოს 65 ქვეყანაში ასრულებს, მათ შორის საქართველოში.