ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მფრინავებს პროფესიულ დღეს ულოცავს
26-04-2026

26 აპრილს მფრინავთა მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პროფესიულ დღეს გულითადად ულოცავს თითოეულ ქართველ მფრინავს, ყველას, ვინც ემსახურება ამ ურთულეს და საპასუხისმგებლო პროფესიას, ასევე ვეტერანებს, რომლებმაც ღირსეულად ატარეს მფრინავის სახელი!

პროფესია „მფრინავი“ მსოფლიოში პრესტიჟის, სანდოობისა და სიმამაცის სიმბოლოა. სწორედ თქვენ ხართ ადამიანები, რომელთა პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას ყოველდღიურად ვანდობთ ყველაზე ძვირფასს - ადამიანის სიცოცხლესა და უსაფრთხოებას. თქვენ უზრუნველყოფთ მგზავრებისა და ტვირთების უსაფრთხო გადაადგილებას მთელ მსოფლიოში და მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარებასა და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებაში.

თანამედროვე სამყაროში მფრინავის პროფესიის მნიშვნელობა მუდმივად იზრდება. დღეს საქართველოს ავიაციას 204 მაღალკვალიფიციური მფრინავი ემსახურება, მათ შორის სამი ქალია. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს პროფესია ახალგაზრდებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება და დარწმუნებული ვართ, ახალი თაობა ღირსეულად გააგრძელებს ამ გზას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გულწრფელ მადლობას გიხდით თქვენი თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის - გისურვებთ წარმატებებსა და მშვიდობიან ცას!