2026 წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 6.4%, ხოლო იანვარ-მაისში 7.8% შეადგინა
30-06-2026

2026 წლის მაისში წინასწარი შეფასებით, ქვეყნის რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა. შედეგად, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის (იანვარ-მაისის) ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.8%-ს გაუტოლდა.

მაისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 8.7%-ით გაიზარდა. ამასთანავე, ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 2.2%-ით გაიზარდა და 6,542 ერთეული შეადგინა.

მაისის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ჯანდაცვა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები. 

ამასთანავე, იანვარ-მაისის მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. კერძოდ, ექსპორტი 19.8%-ით გაიზარდა და 3,107.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გამორიცხვით) მაჩვენებელმა 66.1%-ით მოიმატა და 1,929.1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.