თბილისში საქართველოსა და უზბეკეთის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა ლაზიზ კუდრატოვმა გახსნეს.
ბიზნესფორუმს უზბეკეთის მხრიდან 70-მდე კომპანია დაესწრო მშენებლობის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და ფარმაციის, ტექსტილისა და სხვა საკვანძო სექტორებიდან. საქართველოდან კი ფორუმში 250-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, საქართველოს უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად ვითარდება.
“ამ ტიპის ინიციატივებს, რომლებიც აერთიანებს როგორც G2G, ისე B2B ურთიერთობებს და ეხმარება ბიზნესსექტორს მჭიდრო კავშირების დამყარებაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოველ კვარტალში ჩვენი ეკონომიკების ზრდის კუთხით უფრო ხელშესახები შედეგები გვქონდეს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, უზრუნველყოს ეკონომიკის არა მხოლოდ მდგრადი, არამედ დივერსიფიცირებული ზრდა. როდესაც დივერსიფიკაციაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის გამოვყოფთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები თითქმის ყოველთვიურად იზრდება, მათ შორის ტრანსპორტის, ტურიზმის და მრავალ სხვა სფეროში. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება განვითარების ერთწლიან გეგმას.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ერთობლივად მოვაწერთ ხელს განვითარების ერთწლიან გეგმას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნების დაკავშირებადობას. ამ გეგმის უდიდესი ნაწილი ეთმობა იმას, თუ როგორ გავზარდოთ ვაჭრობა, როგორ გავაძლიეროთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორი, როგორ განვავითაროთ მასპინძლობის სფერო და როგორ წავახალისოთ სხვა სახის ინვესტიციები შესაბამის დარგებში. მჯერა, რომ დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თქვენს შორის მეტი კონტაქტის დასამყარებლად. ეკონომიკა მაშინ იზრდება, როდესაც ძლიერი კერძო სექტორი გვყავს და, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი როლი სწორედ ბიზნესებს შორის ურთიერთობების მხარდაჭერაა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე დაახლოებით 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში.
„ეს გულისხმობს ავტომაგისტრალებისა და გზების მოდერნიზაციასა და მშენებლობას, ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ყველაზე სტრატეგიული პროექტის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, რაც დაახლოებით 45 ახალი ლოკომოტივისა და 1500-მდე ვაგონის დამატებას გულისხმობს. ჩვენ ასევე ვაშენებთ ახალ საერთაშორისო აეროპორტს დედაქალაქში, რომლის გამტარუნარიანობაც 20 მილიონი მგზავრი იქნება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტების განვითარება უზრუნველყოფს ტვირთბრუნვის ზრდას, განსაკუთრებით შუა დერეფანში.
„ვაგრძელებთ მასშტაბურ ინვესტიციებს იმისათვის, რომ არა მარტო მეტი ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა გვქონდეს, არამედ გარდავქმნათ და შევცვალოთ ჩვენი პოზიციონირება: ვიყოთ არამხოლოდ სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბი, არამედ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ტვირთების აკუმულირება, პროდუქციის წარმოება და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის საიმედო მოკავშირედ დარჩენა, როდესაც საქმე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებას ეხება. ზოგადად, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში არსებული დინამიკა უაღრესად იმედისმომცემია. ვხედავთ, რომ ჩვენს პარტნიორობასა და კავშირებს, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მოაქვს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სტატისტიკური მაჩვენებელი უშუალოდ ტვირთბრუნვის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმის დასკვნით ნაწილში, B2B შეხვედრები გაიმართა.
ბიზნესფორუმის ორგანიზატორები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტო იყვნენ.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70