მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შეთანხმებებსა და მემორანდუმებს მოაწერა ხელი
03-07-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შეთანხმებებსა და მემორანდუმებს მოაწერა ხელი.

დოკუმენტები უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის გაფართოებული ფორმატით შეხვედრის დასრულებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ გაიმართა.

კერძოდ, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ერთწლიან სამოქმედო გეგმას. აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს ეკონომიკური აქტივობების სტიმულირებას და უზრუნველყოფს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო სექტორების უფრო მჭიდრო დაკავშირებას.

გაფორმდა შეთანხმება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და გაციფრულების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი ხელს შეუწყობს ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის, მათ შორის ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული დერეფნის, მონაცემთა ცენტრების განვითარებასა და ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას.

საქართველოსა და უზბეკეთს შორის ტურიზმის სფეროში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას,  გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და საინვესტიციო შესაძლებლობების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

„E-Permit“ ელექტრონული ნებართვების გაცვლის საინფორმაციო სისტემის დანერგვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების მიზანია, ხელი შეუწყოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ელექტრონულ ნებართვებზე ეტაპობრივად გადასვლას. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს აღნიშნულ სფეროში მხარეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

შეთანხმებებსა და მემორანდუმებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ხელი მოაწერეს: უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბახტიორ საიდოვმა, უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ლაზიზ კუდრატოვმა, უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა ილხომ მახკამოვმა და ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე აბდულაზიზ აკულოვმა.