საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, შანხაიში, “ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში“ მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს მნიშვნელოვანი ფორუმის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
“მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო გუშინდელი დღე, როდესაც საშუალება გვქონდა, მოგვესმინა პრეზიდენტ სი ძინპინის მიმართვა კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე. ეს ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდ როლს ანიჭებს ჩინეთი საერთაშორისო პარტნიორობასა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებას”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას, მედეგობის გაძლიერებას და იმის გარანტიას, რომ ციფრული ეკონომიკის სიკეთეებით თითოეული მოქალაქე ისარგებლებს.
“ჩვენი ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ვაუმჯობესებთ ციფრულ ინფრასტრუქტურას, მხარს ვუჭერთ ტექნოლოგიურ პროგრესს და ვქმნით მყარ საფუძველს ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი დანერგვისთვის. საქართველო ამ გლობალური ტრანსფორმაციის მიღმა არ დარჩება. ამჟამად ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის ეროვნულ სტრატეგიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში კი ვაფუძნებთ ქვეყნის პირველ ხელოვნური ინტელექტის კვლევით ცენტრს. ეს სივრცე გააერთიანებს მკვლევრებს, სტარტაპერებსა და საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს, რათა ერთობლივად შევქმნათ პრაქტიკული AI-პროდუქტები და ხელი შევუწყოთ ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის განვითარებას”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, ორმხრივი ურთიერთობების საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია
“საუკუნეების განმავლობაში საქართველო, თავისი სავაჭრო და სატრანსპორტო გზებით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით. შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ახალ ფართომასშტაბიან მონაცემთა ცენტრებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააძლიერებს უსაფრთხო კავშირებსა და ციფრულ მედეგობას. ეს კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც სტრატეგიული ციფრული ჰაბის როლს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ინვესტიციებისა და კვლევებისთვის. ამ ამბიციური ხედვის განხორციელების გზაზე მტკიცე საერთაშორისო პარტნიორობა ჩვენთვის კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამიტომ, ორმხრივი ურთიერთობების ამაღლება საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე, ჩვენი კოლაბორაციის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის სფეროში პარტნიორობის გასამყარებლად. ეს პარტნიორობა უკვე გარდაისახება კონკრეტულ, ხელშესახებ ინიციატივებად. ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულ კომისიას (NDRC) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ჩვენ შევქმენით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დიალოგი, ნდობა და საერთაშორისო პარტნიორობა არის ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი მმართველობის საფუძველი.
“ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს. ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ გვახსენებს ფუნდამენტურ რეალობას: ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალის მხოლოდ საკუთარი ძალებით რეალიზებას. დიალოგი, ნდობა და საერთაშორისო პარტნიორობა არის ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი მმართველობის საფუძველი. არჩევანი, რომელსაც დღეს ვაკეთებთ, განსაზღვრავს, ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოსთვის იქცევა გამყოფ ხაზად თუ ძალად, რომელიც კიდევ უფრო გაგვაერთიანებს. საქართველო მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს მთავრობებთან, ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, აკადემიურ წრეებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ერთობლივად შევქმნათ ხელოვნური ინტელექტის სანდო, ადამიანზე ორიენტირებული და ინკლუზიური მომავალი“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
“ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას 100-ზე მეტი სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრებოდა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70