საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო და სასუქების ტერმინალებს ესტუმრნენ. მათ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და პორტში მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის და ტერმინალების წარმომადგენლებმა მთავრობის წევრებს მუშაობის პროცესი, ობიექტების არსებული შესაძლებლობები და სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმები დეტალურად გააცნეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურისა და ტერმინალების საკვანძო მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, ქვეყნის საზღვაო სექტორის გამტარუნარიანობა, ტექნიკური ინფრასტრუქტურა და სხვა პოტენციალი შეაფასა. ჯამში, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, გაიზარდა ქვეყნის ნავსადგურებში დამუშავებული გემების საერთო ტონაჟი და ტვირთამწეობა.
კერძოდ, 2026 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, ბათუმის ნავსადგური ინარჩუნებს პოზიტიურ დინამიკას. საერთო ტვირთბრუნვამ 2.5 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია. რაც შეეხება კონტეინერების რაოდენობას, ბათუმის ნავსადგურში ამ მაჩვენებელმა 70,839 TEU შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტია.
ნავსადგურში სტუმრობისას ყურადღება გამახვილდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურს, ბულგარეთსა და რუმინეთს შორის პირდაპირ საბორნე გადაზიდვებზე, რომელთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 54%-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე აღნიშნულ მარშრუტებზე რეგულარულად 4 გემი ოპერირებს.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან და მთავრობის მეთაურთან ერთად ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე,
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ივანე აბაშიძე იმყოფებოდნენ.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70