2026 წლის II კვარტალში, ქვეყანაში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, პოზიტიური ტენდენციები გრძელდება ბიზნეს სექტორში, როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ასევე დასაქმების მიმართულებითაც.
II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.9%-ით გაიზარდა და II კვარტლისთვის რეკორდული მაჩვენებელი - 67.5 მლრდ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორის გამოშვების მაჩვენებელი 25.7 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 10.7%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და II კვარტალის ჭრილში რეკორდულ ოდენობას წარმოადგენს.
II კვარტალში მსხვილი საწარმოების გამოშვება გაიზარდა 15.0%-ით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდამ 6.9% შეადგინა.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, II კვარტალში გამოშვება გაიზარდა თითქმის ყველა სექტორში. გამოშვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 17.8%), ვაჭრობის (ზრდა 9.4%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (ზრდა 18.8%), სამთო-მოპოვებითი მრეწველობის (ზრდა 35.9%), ხელოვნების, გართობისა და დასვენების (ზრდა 14.5%), ჯანდაცვის (ზრდა 15.1%), ინფორმაციისა და კომუნიკაციების (ზრდა 4.7%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობების (ზრდა 9.6%) სექტორებში დაფიქსირებულმა გამოშვების ზრდამ.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში ეკონომიკური აქტივობის ზრდის პარალელურად, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. 2026 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 4.1%-ით გაიზარდა და 828.4 ათასი – II კვარტლის ჭრილში რეკორდული ოდენობა შეადგინა.
წინა წლის II კვარტალთან შედარებით სამუშაო ადგილები გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში.
ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 5.7%-ით), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობების (ზრდა 11.0%-ით), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (ზრდა 6.4%-ით) და ტრანსპორტისა და დასაწყობების (ზრდა 4.4%-ით) სექტორებმა შეიტანეს.
2026 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 153.8 ლარით (6.6%-ით) გაიზარდა და 2 471.5 ლარს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და ეკონომიკის მდგრადობის მიმართულებით.
მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მხარდაჭერის ღონისძიებებს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ინდუსტრიული მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობისა და სამუშაო ადგილების ზრდაზე.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70