ბათუმში მასშტაბური გასტრონომიული ფესტივალი „გემოფესტი“ მიმდინარეობს, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ეწვია. ისინი ადგილზე გაეცნენ ფესტივალის მიმდინარეობას და წარმოდგენილი სივრცეები დაათვალიერეს.
ბათუმში, ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილია 16 კომპანია. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს და დააგემოვნონ მრავალფეროვანი პროდუქცია. ტერიტორიაზე მოწყობილია სამეწარმეო მარკეტი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, დესერტების სივრცე, აგროზონა, საბავშვო სივრცე, ასევე გრილისა და ბარის ზონები. ფესტივალი ერთ სივრცეში აერთიანებს ადგილობრივ მწარმოებლებსა და გასტრონომიის მოყვარულებს, რაც ხელს უწყობს რეგიონული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებასა და მცირე ბიზნესის განვითარებას.
„გემოფესტი” საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი საქართველოს რეგიონების მრავალფეროვანი სამზარეულოს პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობაა.
ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70