მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში, ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
22-09-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში, ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილე ქვეყნები  ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის, საიმედოობის, ეფექტიანობის და კონკურენტურანიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობის შესახებ ერთობლივ ინიციატივას შეუერთდნენ, რომელიც განსაზღვრავს მონაწილე ქვეყნებს შორის შუა დერეფნის განვითარების მიზნით თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს.

ინიციატივის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატრანსპორტო პოლიტიკის კოორდინაციას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების გაუმჯობესებას, სატრანსპორტო ოპერაციების ეფექტიანობის ზრდას, მათ შორის, ციფრული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვის გზით, ასევე ბიზნესის ჩართულობის ხელშეწყობასა და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, წლების განმავლობაში „შუა დერეფანი“ ძირითადად განიხილებოდა, როგორც აზიისა და ევროპის ბაზრების დამაკავშირებელი ერთ-ერთი ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტი. დღეს კი მისი როლი ამ ჩარჩოებს სცდება. 

„მზარდი ტვირთნაკადები, მსხვილი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება დერეფანს ჩვენს რეგიონებს შორის სულ უფრო მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ხიდად აყალიბებს.

სწორედ ამიტომ, საქართველო მიესალმება "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდისა და ეფექტიანობის გაძლიერების ხელშეწყობის“ ინიციატივას. ინიციატივის მიზანი სრულად პასუხობს დერეფნის განვითარების ამჟამინდელ საჭიროებებს და მიმართულია მისი გამტარუნარიანობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი გაძლიერებისკენ.

ამ მიზნის მიღწევა მოითხოვს არა მხოლოდ ტრანსპორტის ცალკეულ სახეობათა განვითარებას, არამედ მათ უფრო მჭიდრო ინტეგრაციასა და ეფექტიან ურთიერთდაკავშირებას. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ამ სინერგიის შემდგომი განვითარება და გაძლიერება, რათა ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობამ ერთმანეთი შეავსოს და ხელი შეუწყოს უფრო შეუფერხებელი და ეფექტიანი დერეფნის ჩამოყალიბებას”- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე განცხადებით, უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებიც ნათლად ადასტურებს ამ მიდგომის მზარდ მნიშვნელობას.

“2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში დამუშავებული ტვირთის მოცულობა 24%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ წლიურ ჭრილში 11%-იანი ზრდა აჩვენა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვები 14%-ით გაიზარდა, რაც დღევანდელი ჩვენი დისკუსიის საკვანძო საკითხს წარმოადგენს. ეს ზრდა გვავალდებულებს, მოვემზადოთ დერეფნის განვითარების შემდეგი ეტაპისთვის.

საქართველო ამ ამოცანას პასუხობს ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიული 10-წლიანი საგზაო რუკის მეშვეობით, რომლის ფარგლებში 2032 წლამდე პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარია გათვალისწინებული. ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ”- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს წვლილი შუა დერეფნის განვითარებაში ცალკეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სცილდება. ქვეყნას გეოგრაფიული მდებარეობა აძლევს უნიკალურ როლს, იყოს რეგიონული დაკავშირებადობის ჰაბი, სადაც შავი ზღვა ამ ფუნქციის ცენტრშია განთავსებული. 

“სწორედ ამიტომ არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „შუა დერეფნის“ საკვანძო პროექტი. პორტის განვითარება მიმდინარეობს საერთაშორისოდ აღიარებული „ლენდლორდ პორტის“ მოდელით, რომელიც მკაფიო ჩარჩოს უზრუნველყოფს კერძო ინვესტიციებისთვის და, ასევე, ფართო რეგიონული თუ საერთაშორისო ჩართულობისთვის” - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ამგვარ ინვესტიციებს მხოლოდ საქართველო არ ახორციელებს. პარტნიორები აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და მთლიანად ცენტრალურ აზიაში ასევე აფართოებენ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სიმძლავრეებს.

“დერეფნის გასწვრივ ამ ინვესტიციების დაჩქარებასთან ერთად, კოორდინაციის გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება. დღეს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნისთვის მინისტრთა და სამუშაო დონის სპეციალური საკოორდინაციო მექანიზმების შექმნით ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ, ვინაიდან ესაა ახალი ეტაპი დერეფნის განვითარებაში. პოლიტიკური დონის კოორდინაციის პრაქტიკულ განხორციელებასთან დაკავშირება საშუალებას მოგვცემს, ჩვენი საერთო ვალდებულებები კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ დერეფნის მასშტაბით.

ამ მექანიზმების ეფექტიანი გამოყენებით შევძლებთ უკეთ შევათანხმოთ ინფრასტრუქტურის განვითარება, აღმოვფხვრათ მარშრუტზე არსებული შეფერხებები და უფრო ეფექტიანად ვიმუშაოთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავს დერეფნის კონკურენტუნარიანობას: ტრანზიტის დრო, სასაზღვრო და საბაჟო პროცედურები, ციფრული თავსებადობა, ასევე კონკურენტული და გამჭვირვალე ერთიანი ტარიფები.

შედეგად უნდა მივიღოთ დერეფანი, რომელიც ეფექტიანად და პროგნოზირებადად მუშაობს საწყისი წერტილიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.თუმცა ჩვენი ამბიცია უფრო შორს უნდა მიდიოდეს: „შუა დერეფანი“ გადავაქციოთ უფრო ფართო ეკონომიკურ დერეფნად, რომელიც აკავშირებს ბაზრებს, იზიდავს ინვესტიციებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენს რეგიონებში”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მფგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, „ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს მისი მტკიცე მხარდაჭერა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივისა და ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესის მიმართ.

"სარკინიგზო, საპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელებით, ჩინეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ვაჭრობის განვითარებაში, აძლიერებს პარტნიორობას ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში და ხელს უწყობს რეგიონის სატრანსპორტო კავშირებისა და ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას. საქართველო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და უკვე აქტიურად არის ჩართული მათი განხორციელების პროცესში.

ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ ”-  აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მოადგილეებთან - თამარ იოსელიანთან, გენადი არველაძესთან და ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში “გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში” მონაწილეობს.