ინგა ფხალაძემ ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის გახსნის ღონის ძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა
22-09-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 

მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ენერგეტიკის დარგში არსებული ტენდენციები და განვითარების მიმართულებები გააცნო. ინგა ფხალაძის თქმით, ენერგეტიკული ტრანსფორმაცია დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ცვლილებების ერთობლიობა - განახლებადი ენერგიის სწრაფი განვითარება, ელექტროენერგიის ბაზრების ინტეგრაცია, ენერგიის შემნახველი სისტემები, კიბერუსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება და ხელოვნური ინტელექტი ქმნის ახალ ტექნოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ რეალობას. 

ინგა ფხალაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მარეგულირებელი ორგანოების როლსა და დამოუკიდებელი და პროფესიონალური რეგულირების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, დარგში რეალური ტრანსფორმაცია მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ახალი სიმძლავრეები დაკავშირებულია ძლიერ ქსელთან, ინვესტიციები - პროგნოზირებად წესებთან, ბაზრის განვითარება - სამართლიან კონკურენციასთან, ხოლო ენერგეტიკული პოლიტიკა - მომხმარებლის ინტერესებთან, რაც დამოუკიდებელი და პროფესიონალური რეგულირების გარეშე შეუძლებელია.

მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე გაკეთდა. მისი თქმით, მსგავსი პროექტები არის პირდაპირი შესაძლებლობა, საქართველომ უფრო აქტიური როლი შეასრულოს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ ევროპული და საერთაშორისო ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაში. 

ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმი თბილისში სემეკის ორგანიზებით იმართება. მასში სახელმწიფო უწყებების, ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნებისა და ენერგეტიკული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.