ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციასა და ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატარში გაიმართა.
გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეკონომიკური დერეფნების განვითარებას მიეძღვნა. მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა ტრადიციული სატრანსპორტო დერეფნებიდან ინტეგრირებულ ეკონომიკურ დერეფნებზე გადასვლის მნიშვნელობაზე, რომლებიც ინფრასტრუქტურას აკავშირებს ვაჭრობასთან, ლოგისტიკასთან, ენერგეტიკასთან, ციფრულ დაკავშირებადობასთან, ინვესტიციებსა და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
„შესაძლებლობა მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოფილი იყოს დერეფნებში ღირებულების შექმნა არა მხოლოდ საქონლისა და ადამიანების უფრო ეფექტიანი გადაადგილებით, არამედ ინვესტიციების მოზიდვით, ლოგისტიკური და ინდუსტრიული საქმიანობის განვითარებით, სამუშაო ადგილების შექმნითა და ადგილობრივი ეკონომიკების დაკავშირებით რეგიონულ და გლობალურ ბაზრებთან,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკვანძო პრიორიტეტია არსებული სატრანსპორტო ქსელის ირგვლივ მულტიმოდალური ლოგისტიკური ჰაბებისა და ვაჭრობის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის განვითარება.
„შუა დერეფანი, მისი მზარდი სატვირთო ნაკადებით, შესაძლებლობას იძლევა, რათა საქართველომ განავითაროს უფრო ფართო რეგიონული ლოგისტიკური და ეკონომიკური ეკოსისტემა - ეს მოიცავს სარკინიგზო, საპორტო და საგზაო კავშირების გაძლიერებას, სასაზღვრო პროცედურების გაუმჯობესებასა და დერეფნის გასწვრივ ლოგისტიკური, სავაჭრო და საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისთვის პირობების შექმნას,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს ქვეყნის სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემის განვითარებისთვის.
გენადი არველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე. მისი თქმით, პროექტს შეუძლია შექმნას უფრო მტკიცე მულტიმოდალური პლატფორმა ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ინვესტიციებისთვის, და ხელი შეუწყოს უფრო ფართო ეკონომიკური საქმიანობის გენერირებას დერეფნის გარშემო.
„ვერცერთი ცალკეული ქვეყანა ვერ მოახდენს დერეფნის ოპტიმიზაციას დამოუკიდებლად. საქართველო მზადაა, შეიტანოს თავისი წვლილი ამ პროცესში, განსაკუთრებით შუა დერეფნისა და ჩვენი როლის მეშვეობით, როგორც ხიდისა ცენტრალურ აზიას, კასპიის რეგიონს, შავ ზღვასა და ევროპას შორის,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად. მისივე თქმით, საქართველო, სტრატეგიული მდებარეობით და მულტიმოდალური სატრანსპორტო ქსელით, აქტიურად ავითარებს სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას და განამტკიცებს ქვეყნის, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის როლს.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის მზარდ დინამიკასა და მის როლზე ქვეყნის მთლიან ეკონომიკურ ზრდაში. გენადი არველაძის თქმით, 2019-დან 2025 წლამდე პერიოდში ტრანსპორტსა და დასაწყობებაზე მოდიოდა მშპ-ის 6%-ზე მეტი, ხოლო საშუალო წლიური ზრდა 15,9%-ს შეადგენდა.
„ამ დინამიკაზე დაყრდნობით, 2032 წლისთვის მთავრობა გეგმავს 7 მლრდ აშშ დოლარის მობილიზებას ისეთი მსხვილი სატრანსპორტო პროექტებისთვის, როგორებიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, საგზაო ქსელის მოდერნიზაცია, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარება. ამ ინვესტიციების მნიშვნელობა ზრდის შუა დერეფნის საერთო გამტარუნარიანობასა და შესაძლებლობებს“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა CAREC-ის სხვა ინიციატივებზე, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ სატრანზიტო პროცედურების ჰარმონიზაციასა და დიგიტალიზაციაში, ადმინისტრაციული ტვირთის შემცირებაში, გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.
გენადი არველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა CAREC-ის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის (CARTIF) შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებასა და ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, მოლაპარაკებების წარმატებით და მოკლე ვადებში დასრულება საშუალებას მისცემს CARTIF-ის შეთანხმებას მოიტანოს მნიშვნელოვანი სარგებელი რეგიონული ვაჭრობის, ინვესტიციების, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.
თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა ხელოვნური ინტელექტის როლზე და აღნიშნა, რომ მას ინოვაციების, პროდუქტიულობისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის სულ უფრო მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად განიხილავს.
გენადი არველაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70