გენადი არველაძემ და ინგა ფხალაძემ ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის პროექტი დარგის სპეციალისტებს გააცნეს
13-10-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ინგა ფხალაძემ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის პროექტი გააცნეს. 

დოკუმენტის მიზანს ჰიდროტექნიკური ნაგებობის უსაფრთხო ფუნქციონირების მონიტორინგის სისტემის დანერგვა და უსაფრთხოების იმ მოთხოვნების განსაზღვრა წარმოადგენს, რომლებსაც ჰიდროტექნიკური ნაგებობები, მათ შორის კაშხლები და წყალსაცავები უნდა აკმაყოფილებდეს. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახალი რეგულაციის ამოქმედება უზრუნველყოფს ასეთი ობიექტების უსაფრთხო ფუნქციონირებასა და მართვას, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვასთან.

რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ჰესების ექსპლუატაციის ზედამხედველობას სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს.

დოკუმენტი სამინისტრომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, საერთაშორისო ექსპერტების, საჯარო და კერძო სექტორის ჩართულობით მოამზადა.