ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ახალი აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
16-10-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში ახალი აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც სტრატეგიული ჰაბის როლს, რომელიც შუა დერეფანს შავი ზღვის აუზსა და ევროპულ ბაზრებთან აერთიანებს.

„2022 წლიდან მოყოლებული, ჩვენ თვალს ვადევნებთ, თუ როგორ იზრდება მოთხოვნა „შუა დერეფანზე“, და ეს მზარდი მოთხოვნა ადასტურებს მისი, როგორც აზიასა და ევროპას შორის არსებული სტრატეგიული დამაკავშირებელი ხიდის მნიშვნელობას. მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევა ხაზს უსვამს ამ დერეფნის პოტენციალს და ვარაუდობს, რომ კოორდინირებულმა ინვესტიციებმა და რეფორმებმა შესაძლოა დერეფნის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) საშუალოდ 3,3%-ით გაზარდოს და 2040 წლისთვის დამატებით ორ მილიონამდე სამუშაო ადგილი შექმნას. თუმცა, ამ პოტენციალის რეალიზება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურად ვითანამშრომლებთ. საქართველო წარმოადგენს სტრატეგიულ კარიბჭეს, რომელიც შუა დერეფანს შავ ზღვასა და ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, შუა დერეფანი უნდა გარდაიქმნას უფრო ფართო ეკონომიკურ დერეფნად, რომელიც მთელ რეგიონში ხელს შეუწყობს ვაჭრობას, მოიზიდავს ინვესტიციებს და ახალ შესაძლებლობებს შექმნის. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მზადაა, ითანამშრომლოს ყაზახეთთან და ყველა პარტნიორთან, რათა შუა დერეფანმა იფუნქციონიროს, როგორც ერთიანმა, ეფექტიანმა და კონკურენტუნარიანმა სისტემამ.

„იმ ფონზე, როდესაც გლობალური ვაჭრობის ტენდენციები და მიწოდების ჯაჭვები იცვლება, „შუა დერეფანი“ სულ უფრო მნიშვნელოვან სტრატეგიულ დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის. ახლა ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ამ იმპულსს და უზრუნველვყოთ, რომ მზარდი მოთხოვნა საიმედო, ეფექტიან და კონკურენტუნარიან სატრანსპორტო მომსახურებად გარდაიქმნას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს 10-წლიანი სატრანსპორტო განვითარების გეგმაზე გაამახვილა. მან  ხაზი გაუსვა, რომ 2032 წლისთვის საქართველო ახორციელებს დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას სტრატეგიულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, რკინიგზისა და საზღვაო გამტარუნარიანობის გაორმაგების მიზნით.

„ეს ინვესტიციები შექმნილია მთლიანი სატრანსპორტო ქსელის გასაძლიერებლად, რკინიგზის, პორტების, ავტომაგისტრალებისა და ლოგისტიკური ობიექტების უფრო ეფექტიან სისტემაში გასაერთიანებლად. ჩვენ უკვე ვხედავთ დამაიმედებელ შედეგებს. 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოს საზღვაო პორტებისა და ტერმინალების მიერ დამუშავებული ტვირთის მოცულობა 24%-ით გაიზარდა, ხოლო რკინიგზით გადაზიდვები - 13%-ით (11 მილიონ ტონაზე მეტი). ორივე მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში იანვარ-სექტემბრის პერიოდისთვის საუკეთესო შედეგს წარმოადგენს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.