ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციას დაესწრო.
„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, წარმოგიდგინოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია - ინსტიტუტი, რომლის შექმნაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ახალი შესაძლებლობების, გაზრდილი ამბიციებისა და განვითარების გრძელვადიანი ხედვის ლოგიკური გაგრძელებაა“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს მსხვილი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, გამოიყენოს ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, გასცეს სესხები, განახორციელოს წილობრივი ინვესტიციები, მხარი დაუჭიროს საინვესტიციო ფონდებსა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას.
„ათწლეულის წინ ჩვენი მთავარი ამოცანა ბიზნესისთვის განვითარების საწყისი პირობების შექმნა იყო. დღეს უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდაზე, მაღალი დამატებული ღირებულების წარმოებაზე, მსხვილ სტრატეგიულ ინვესტიციებზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საქართველოს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის თვისობრივ გაძლიერებაზე“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, შეიცვალა საქართველოს ეკონომიკის მასშტაბი და, შესაბამისად, იცვლება სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტებიც. მისივე განცხადებით, სწორედ ამ ცვლილების გამოხატულებაა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია.
„ჩვენ ერთიან სისტემაში ვაერთიანებთ ფინანსურ რესურსებს, ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმებსა და განვითარების ინსტრუმენტებს, რათა სახელმწიფო მხარდაჭერა გახდეს უფრო ეფექტიანი, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული. კორპორაცია შეინარჩუნებს იმ პროგრამებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ათასობით მეწარმეს წარმატების მიღწევაში შეუწყო ხელი. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა კვლავაც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დარჩება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამასთან, მნიშვნელოვნად ფართოვდება შესაძლებლობები და საქმიანობის ფარგლები - ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს მსხვილი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, გამოიყენოს ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, გასცეს სესხები, განახორციელოს წილობრივი ინვესტიციები, მხარი დაუჭიროს საინვესტიციო ფონდებსა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას. სახელმწიფოს ექნება გაცილებით მოქნილი და ძლიერი ინსტრუმენტი იმ ეკონომიკური პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც ქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ზრდის ექსპორტს, ავითარებს თანამედროვე საწარმოებს და აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და კონკურენტუნარიანობას.
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი. ეს არის ამბიციური, გრძელვადიანი საინვესტიციო მიზანი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას, ახალი საწარმოების შექმნას, არსებული ბიზნესის გაძლიერებასა და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების მიზანს, რომ ბიზნესს, განვითარების ყველა ეტაპზე, სახელმწიფოს სახით, ჰყავდეს ძლიერი და საიმედო პარტნიორი - პირველი იდეიდან საწარმოს შექმნამდე, წარმოების გაფართოებიდან საერთაშორისო ბაზრებზე გასვლამდე, მცირე ბიზნესიდან მსხვილ საინვესტიციო პროექტებამდე. მისი თქმით, 2014 წელს, როდესაც შეიქმნა პროგრამა "აწარმოე საქართველოში," კერძო სექტორის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს სჭირდებოდათ მხარდაჭერა იმისთვის, რომ მათი იდეები კონკრეტულ ბიზნეს აქტივობად გარდაექმნათ, გაეფართოებინათ წარმოება და შეექმნათ ახალი სამუშაო ადგილები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, განვლილი 12 წლის შემდეგ, კონკრეტულ შედეგებზე დაყრდნობით, ამ გადაწყვეტილების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე შეიძლება საუბარი.
„სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა 20 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა. მხარდაჭერილი ინვესტიციების მოცულობამ 8.5 მილიარდ ლარს მიაღწია და შეიქმნა 90 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. ამავე პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქციის გამოშვება თითქმის ოთხჯერ გაიზარდა - 14.8 მილიარდიდან 54 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 544 000-ს მიაღწია. ექსპორტი გაორმაგდა, ხოლო საშუალო ზომის კომპანიებში დასაქმებულთა ხელფასი თითქმის სამჯერ გაიზარდა. ეს მაჩვენებლები ასახავს მნიშვნელოვან ცვლილებას საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურაში. ქვეყანაში ჩამოყალიბდა უფრო ძლიერი, გამოცდილი და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორი. 2025 წელს ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 104.6 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2014 წელთან შედარებით 3.3-ჯერ მეტია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადა - გაიზარდა ეკონომიკის მასშტაბი, გაძლიერდა კერძო სექტორი, გაფართოვდა ვაჭრობის შესაძლებლობები და შეიქმნა ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი.
„ახალი კორპორაციის ჩამოყალიბებით სახელმწიფო ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის სრულიად ახალ ინსტიტუციურ შესაძლებლობას ქმნის“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ასევე კურატორ მოადგილეს, ირაკლი ნადარეიშვილს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ეფექტიანობის ზრდის, რეფორმის ძალიან ეფექტურად მართვისა და კორპორაციის ძალიან სწორი ფორმით ჩამოყალიბებაში. მარიამ ქვრივიშვილმა წარმატება უსურვა კორპორაციის ახალ ხელმძღვანელს ირაკლი გაბრიაძეს და მის გუნდს.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70