ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაში.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
„2026 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 2.3 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა და 41%-ით გაიზარდა, რის მიხედვითაც ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა. მიუხედავად ამ დადებითი დინამიკის, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო, სატრანზიტო დერეფანი.
მარიამ ქვრივიშვილმა შუა დერეფნის კონტექსტში აქცენტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკვანძო როლზე გააკეთა.
„ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც შავ ზღვაზე შუა დერეფნის კარიბჭე გახდება და ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობაში მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს შეასრულებს. მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს საჰაერო კავშირების მიმართულებითაც. ივლისში ურუმჩი-თბილისის რეისს დაემატა შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისი. მოხარული ვარ, რომ ჩემი ბოლო ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია China Eastern-თან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 2027 წლიდან ფრენების აღნიშნული, კვირაში 3 სიხშირე გაიზრდება კვირაში 5 სიხშირემდე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ხალხთაშორის კავშირების, ტურიზმის, ბიზნეს კავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მხარეები ასევე აქტიურად მუშაობენ პეკინიდან, გუანგჭოუდან და ჩენგტუდან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების შესაძლებლობებზე.
მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების საკითხზეც.
„2002 წლიდან დღემდე ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ჯამში მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2026 წლის პირველ ორ კვარტალში ჩინეთი გახდა საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა 236 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციით“, - განაცხადა ეკონომიკისსა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ჩინეთის ვაჭრობის განვითარების საბჭოს ხელმძღვანელმა ჟენ ხუნგპინმა, ასევე ორივე ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70