საქართველო, როგორც საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში აქტიურად ჩართული ქვეყანა, დაინტერესებულია პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობებისა და გამჭვირვალე პროცედურების არსებობით, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პარტნიორობის შეთანხმების (CARTIF) მოლაპარაკებებზე, რომლის მეორე რაუნდი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართა.
CARTIF–ი CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის) ფარგლებში შემუშავებული პირველი შეთანხმება იქნება, რომლის შეუფერხებელი მუშაობა ხელს შეუწყობს CAREC-ის წევრ ქვეყნებს, ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო მეტად გაამყარონ.
შეთანხმების მიზანია ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა, არასატარიფო ბარიერების შემცირება, ციფრული ვაჭრობის განვითარება და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება. CARTIF–ის მოლაპარაკებებში საქართველოს გარდა ჩართულია ჩინეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი.
მოლაპარაკებების მეორე რაუნდში საქართველოდან მომლაპარაკებებლთა ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა. მომლაპარაკებლებმა მუშაობა დაასრულეს შეთანხმების ტექსტის სამ ოქმზე, რომლებიც ეხება ინვესტიციების ხელშეწყობას, სერვისების რეგულირებას და ღირებულებათა ჯაჭვში ჩართულობას.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნული პროცესი დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების სხვა თავებზეც მოლაპარაკებები აქტიურად გაგრძელდება.
გენადი არველაძის თქმით, საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70