მარიამ ქვრივიშვილმა კონფერენციაში „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ მიიღო მონაწილეობა
16-11-2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, კონფერენციაში „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ მიიღო მონაწილეობა.

როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში კერძო სექტორს გადამწყვეტი როლი აქვს.

„სწორედ ბიზნესი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, იზიდავს ინვესტიციას, აფართოებს წარმოებას და ქმნის უფრო მეტ შესაძლებლობას ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის“, - განაცხადა მინისტრმა და ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენთვის ეკონომიკური პოლიტიკის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საზომია ის, თუ რამდენად ხელსაყრელ გარემოს ვქმნით ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ ამომწურავად ისაუბრა იმ მიღწევების შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას აქვს, განსაკუთრებით ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2021-2025 წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, საშუალოდ, ყოველწლიურად 9,5%-ით იზრდებოდა. ეს დინამიკა შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც, ეკონომიკური ზრდა 7,4% შეადგენს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან საფუძვლიანი, თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და კერძო სექტორის ზრდის აქტივობა“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველომ მდგრადი და სტაბილური განვითარება შეძლო.

„მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური რეალობისა, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორმა შეძლო მდგრადი და სტაბილური განვითარება და მათ შორის რეკორდული მაჩვენებლების მიღწევა მიმდინარე წელს. განსაკუთრებით საამაყოა რეკორდული მაჩვენებლები ექსპორტის სექტორში - საქონლის ექსპორტი მიმდინარე წელს უკვე 18%-ით გაიზარდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 60%-ს გადააჭარბა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში არსებულ რეკორდულ მაჩვენებლებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გატარებულმა რეფორმებმა, მოდერნიზაციამ, ისევე როგორც დიგიტალიზაციამ ამ სექტორში უკვე ხელშესახები შედეგი მოგვცა.

„ჩვენ უკვე გვაქვს რეკორდული შედეგები უშუალოდ თითოეულ ნავსადგურში და ტერმინალში გადამუშავებული ტვირთნაკადის თვალსაზრისით, რამაც მიმდინარე წელს უკვე 24%-ით გადააჭარბა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, დადებითი დინამიკა ასევე თვალსაჩინოა საქართველოს რკინიგზაში - უკვე 12%-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის მიერ გადატანილი ტვირთების მოცულობა, რაც 12 წლის ისტორიული მაქსიმუმია.

„საქართველოს ტრანსპორტის სექტორში სახელმწიფომ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ მოახდინოს საკმაოდ დიდი მოცულობის თანხების ინვესტიციების განხორციელება. 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული სატრანსპორტო სექტორის განვითარებაში“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც სახელმწიფო მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რათა სრულად განახლდეს და გაფართოვდეს საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობა.

„გარდა იმ მნიშვნელოვანი სტრატეგიული აქტივობისა თუ პროექტებისა, რაც განხორციელდება, მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს რკინიგზამ დამატებით შეიძინოს 50 ახალი ლოკომოტივი, 10 სამგზავრო მატარებელი და 2000-მდე სატვირთო ვაგონი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია - 400-ზე მეტი ვაგონი უკვე შევიძინეთ საქართველოს რკინიგზაში და გვაქვს მიმდინარე აქტიური ტენდერი 10 სამგზავრო მატარებლის და 50 ლოკომოტივის შეძენისთვის. ეს, რა თქმა უნდა, თვისობრივად გაზრდის და გააძლიერებს საქართველოს რკინიგზას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონას“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ავიაციის დარგში არსებულ რეკორდულ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 7.4 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ.

„მიუხედავად იმ გლობალური და განსაკუთრებით რეგიონული გამოწვევების ფონდზე ქვეყანამ მაინც შეძლო და გაზარდა ავიაციის საკმაოდ უკვე სწრაფად მზარდი ინდუსტრია. ვხედავთ, რომ იზრდება პირდაპირი ფრენების რაოდენობები, გვემატება ახალი ავიაკომპანიები, რაც პირდაპირ ისახება მგზავრთნაკადის გაზრდილ რაოდენობაზე და ჩვენთვის საამაყოა ის, რომ მიმდინარე წლის პირველი 10 თვის განმავლობაში, მათ შორის რეკორდულია მგზავრთნაკადის რაოდენობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტმა გაატარა, 7 მილიონ 400 ათასზე მეტი მგზავრს მოვემსახურეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა ბიზნესთან შეხვედრაზე.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ავიაციის განვითარება პირდაპირ ისახება ქვეყნის ტურიზმის გაძლიერებასა და განვითარებაზე.

„ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიუხედავად გამოწვევებისა, კვლავ შეძლო და ახალი რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა ტურისტული ვიზიტების თვალსაზრისით. ტურიზმის განვითარება, ტურისტული ვიზიტების ზრდა პირდაპირ ისახება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე და მიმდინარე წელი ამ მიმართულებითაც რეკორდული იყო. ჩვენ უკვე შევძელით და 3 მილიარდ 800 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი შემოსავალი მივიღეთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ბიზნესთან შეხვედრისას მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორში არსებულ ვითარებაზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტორში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება.

„მე მინდა განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ინდუსტრიაზე - ენერგეტიკის სექტორზე. ვიცით, რომ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს ამ ინდუსტრიაში, თუმცა, ერთიანი ძალისხმევით და აქ, რა თქმა უნდა კერძო სექტორის როლი ძალიან დიდია - ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ძალიან დიდი და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება ამ სექტორში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. ამის ყველაზე ნათელი დემონსტრაცია არის ის, რომ სექტემბრის მონაცემებით, ამ სექტორში დაკრედიტება წლიურად 23%-ით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზარდა ნდობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ, გაიზარდა ნდობა ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და მზარდია მოთხოვნა ჰიდროელექტროსადგურების - მზის, ისევე როგორც ქარის სადგურების მშენებლობაზე“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა სექტორში სიმძლავრეების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია გააერთიანებს არსებულ სახელმწიფო პროგრამებს და ასევე გააფართოებს დაფინანსების ინსტრუმენტებს.

„მიმდინარე წლის ბოლოს ენერგეტიკულ ქსელში დამატებით 300 მეგავატი სადგურები დაგვემატება, რომლებიც შევლენ ექსპლუატაციაში - რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქართულ, შიდა გენერაციას დამატებით 300 მეგავატი დაემატება. ეს არის სწორედ ის პროპორცია, რომელიც დააკლდება ჩვენი ქვეყნის პოტენციურად საჭირო იმპორტის საჭიროებას ელექტროენერგიის თვალსაზრისით. ჩვენი ამოცანაა ეს დადებითი დინამიკა ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებად ვაქციოთ. აქედან გამომდინარე, შემუშავებული გვაქვს ეკონომიკის განვითარების 10 წლიანი გეგმა, მისი სამოქმედო აქტივობებით.  ამ მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული და მინდა გამოვყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ჩამოყალიბების მნიშვნელობა, რომელიც გააერთიანებს არსებულ სახელმწიფო პროგრამებს, გააფართოებს დაფინანსების ინსტრუმენტებს და ხელს შეუწყობს სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას“ - განაცხადა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა ბიზნესთან შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში არსებულ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით დაწყებულია მუშაობა ახალი აუქციონის მოდელის შემუშავებაზე.

„დავიწყეთ მუშაობა დამატებით ენერგეტიკის სექტორში, კონკრეტულად კი ჰიდროელექტროსადგურების შემდგომი გაძლიერებისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით ახალი აუქციონის მოდელის შემუშავებაზე, რომელიც შეეხება სიმძლავრისა და ტარიფის აუქციონს“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს მაღალშემოსავლიანი, თანამედროვე და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა.
„ამისთვის გვაქვს გეგმა, კონკრეტული პროექტები და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ დასახულ მიზნებს ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა   მიმდინარე, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

„პარალელურად, ჩვენ განვაგრძობთ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების განვითარებას, აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობა, რომელიც აქტიური განვითარების ფაზაშია. დღეს ადგილზე უკვე მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი და ძალიან კომპლექსური სამშენებლო სამუშაოები, რომელიც უშუალოდ ეხება ფსკერის დაღრმავებას. ასევე რამდენიმე დღის წინ ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი ანაკლიამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობაზე და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენს მთავარ გეგმას, რომ 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა მიიღოს უკვე პირველი გემი“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაზე. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხს.

„სახელმწიფოს ამოცანა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლების მიღწევა არ არის, ჩვენი მიზანია ეკონომიკა, რომელიც ქმნის მეტ ღირებულებას, მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და განვითარების მეტ შესაძლებლობებს ჩვენი საზოგადოებისთვის. ამის მიღწევა შეუძლებელია ძლიერი და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორის გარეშე. ჩვენი სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კერძო სექტორთან დიალოგს, რადგან თქვენთან ერთად მიღწეული შედეგები, მათ შორის იდენტიფიცირებული გამოწვევები ეხმარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში. 

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.