საქართველოსა და ხორვატიას შორის ხელი მოეწერა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია ჩამოყალიბდება.
დოკუმენტზე ხელმოწერა ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილისა და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის გორდან გრლიჩ რადმანის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. „ერთობლივი კომისიის ფარგლებში შეგვეძლება ფორმალურად განვსაზღვროთ ის პრიორიტეტები, რომლებიც ორ ქვეყანას აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, ეს გააღრმავებს ჩვენსა და ხორვატიას შორის ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის გაზრდას და სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა
ვიცე-პრემიერმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ხორვატიის მხრიდან გამოცდილების გაზიარებაზეც. მინისტრის შეფასებით, ხორვატიის, როგორც ევროკავშირის სრულფასოვანი წევრის გამოცდილება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნამდვილად გამოადგება.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მეგობრულ კავშირებს ორ ქვეყანას შორის.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70