ლევან დავითაშვილი - ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ტურიზმის განვითარებისთვის, განსაკუთრებით სამთო და სათხილამურო მიმართულებით
11-02-2023

ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ბაკურიანში, საჩემპიონატო მზადებას ადგილზე გაეცნო.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ტურიზმის განვითარებისთვის, განსაკუთრებით სამთო და სათხილამურო მიმართულებით. ინფრასტრუქტურა, რომელიც აშენდა, კურორტს წლების განმავლობაში მოემსახურება და ბაკურიანის მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით გაზრდის.

„ჩვენ ნელ-ნელა ამ ინფრასტრუქტურის აღდგენას ვახორციელებთ. ამჯერად ჩვენ ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით სამთო-სათხილამურო სპორტის ინფრასტრუქტურა მოვაწყეთ. 270 მლნ ლარი დაიხარჯა. აშენდა სამი ახალი საბაგირო და 6 ახალი ტრასა მოეწყო, ასევე ამოქმედდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, რომლებიც უპრეცედენტოდ გრძელია და თანამედროვე სტანდარტებითაა აშენებული. დღეს ბაკურიანი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მოთხოვნებს. ასეთია საერთაშორისო ექსპერტების ობიექტური შეფასება. ბაკურიანი მზადაა, ჩაატაროს არა მხოლოდ აღნიშნული ჩემპიონატი, არამედ რეგულარული სპორტული კალენდრის ნაწილიც გახდეს. ჩვენ 2023 წლის შემდეგ წლებშიც გვექნება საერთაშორისო მასშტაბის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ბაკურიანის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით გაიზრდება. ქვეყანა შეძლებს მეტი ტურისტი მოიზიდოს და კურორტს მეტი დამსვენებელი ჰყავდეს, რაც საბოლოო ჯამში ადგილობრივ და ქვეყნის ეკონომიკას ემსახურება.

მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნის (ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, იაპონია, კანადა, აშშ და სხვა) 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება.

ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.