ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა
01-04-2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა.

„უზბეკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის განვითარების ტემპების გაძლიერებას. გამოვთქვამ იმედს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წარმატებით ჩატარება კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებას მრავალი მიმართულებით“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ქართულ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო  საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-9 სხდომის მუშაობაში. 

უზბეკ კოლეგასთან საუბრისას ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული შეფასება მისცა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკას პანდემიის შემდგომ პერიოდში და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, ორმხრივი ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობები არსებობს. მისი ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ზრდამ 30% შეადგინა. ვიცე-პრემიერის თქმით, ამ დინამიკის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებზე, ასევე ყველა დაბრკოლების მოხსნა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ვაჭრობის ზრდაზე.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ისაუბრეს ტურიზმის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ 2022 წელს უზბეკეთიდან საქართველოში ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 32%-ით გაიზარდა. ასევე ისაუბრეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელსაც ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.