ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი წარადგინა. მინისტრის პოსტზე მარიამ ქვრივიშვილმა ლევან დავითაშვილი შეცვალა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩევლად დაინიშნა ეკონომიკურ საკითხებში. ლევან დავითაშვილი ასევე ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
მარიამ ქვრივიშვილის შრომით ბიოგრაფიაში საჯარო სამსახურში საქმიანობის შვიდ წელზე მეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკავშირდება - იგი ხელმძღვანელობდა სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ორჯერ ეკავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა. ქვრივიშვილი ასევე იყო საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, ხოლო სხვადასხვა წლებში მუშაობდა კერძო სექტორშიც მაღალ პოზიციებზე. მარიამ ქვრივიშვილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია.
„მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ კაბინეტის წევრი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. მთელი ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობისას განვლილი შვიდი წლის განმავლობაში დავაგროვე, ვფიქრობ, დამეხმარება, რომ გუნდთან ერთად წარმატებით დავასრულოთ ყველა მიმდინარე პროექტი და წამოწყება, ასევე დავსახოთ ახალი გეგმები და განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70