მარიამ ქვრივიშვილი: „ტურიზმის სექტორის განვითარების კუთხით მთავრობის სწორი პოლიტიკა მეორე კვარტალში მიღებულ რეკორდული შემოსავლებში აისახა“
21-07-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი: „მეორე კვარტლის რეკორდული შემოსავლები ნიშნავს, რომ ჩვენი პროგნოზი და მოლოდინი გამართლდა - ტურიზმის სექტორი წელსაც ინარჩუნებს ზრდის დინამიკას. ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი დარგია, ბოლო სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ განვითარების მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა სწორი და წარმატებულია, მათ შორის ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციის და მარკეტინგული კამპანიების წარმოების კუთხით, რაც მთლიანად 2025 წლის იანვარ-ივნისში მიღებული შემოსავლების ზრდაში აისახა“.

მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, რომ ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანია მეტი პირდაპირი ავიარეისის არსებობა, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ დიდი სამუშაო გასწია და განსაკუთრებულ შედეგებსაც მიაღწია. დღესდღეობით პირდაპირი ფრენების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა  - საქართველოს აეროპორტებიდან 70-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს 110-ზე მეტი მიმართულებით.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ტურისტული და ავიაბაზრების დივერსიფიკაციის, მგზავთნაკადის ზრდის მიმართულებით. ამ კუთხით წარმოებული სწორი პოლიტიკა და მაღალმსყიდველიანი ტურისტების მოზიდვის მიზნით ჩატარებული სამუშაოები რეკორდულ სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. აღსანიშნავია, რომ გასულ 2024 წელს საქართველოში რეკორდული ოდენობის ტურისტული ვიზიტი განხორციელდა და ისტორიული მაქსიმუმი - 5.1 მილიონი ვიზიტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ მთავრობის სწორი პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში მუშაობს. ჩვენი პროგნოზი და მოლოდინია, ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას - თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს (1,971.0 მლნ აშშ დოლარს) გაუტოლდა.