ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიხშირეს ზრდის და აბუ დაბიდან ფრენებს კვირაში 8-ჯერ შეასრულებს, მათ შორის, ხუთშაბათობით დღეში ორჯერ. Air Arabia Abu Dhabi მსოფლიოში ცნობილი, ახლო აღმოსავლეთის პირველი დაბალბიუჯეტური, Air Arabia-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. თავდაპირველად ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით ოპერირებდა, მოთხოვნის ზრდასთან ერთად კი აბუ დაბიდან რეისები უკვე კვირაში 8 სიხშირით შესრულდება.
Air Arabia Abu Dhabi-ის მიერ თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეების გაზრდა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს საავიაციო პოლიტიკის წარმატებას, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების დინამიკას და ჩვენი ქვეყნის სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე. რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გაზრდის დაკავშირებადობას საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქებს შორის და უზრუნველყოფს ეკონომიკური, ტურისტული და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას. ფრენების სიხშირის გაზრდა ხელს შეუწყობს ასევე საქართველოს პოპულარიზაციას და მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტის შემოსვლას ჩვენ ქვეყანაში, რაც დადებითად აისახება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებელზე.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს ყურის ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა სწორედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის 647 710 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და ყურის ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 59%-ი შეადგინა, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით კი მგზავრთნაკადი 17 %-ით არის გაზრდილი. ასევე ხაზგასასმელია, რომ 2025 წლის 6 თვეში საქართველოში ყურის ქვეყნებიდან მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და 47,430 ვიზიტი შედგა, რაც 10.5%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო ვიზიტები გაიზარდა საუდის არაბეთიდან (+20.8%), კატარიდან (+15.9%) და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან (+12.5%).
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70