საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა თურქეთის საზღვაო სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა.
სამიტის ფარგლებში თამარ იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო მინისტრების სესიაში სახელწოდებით „საზღვაო გზებიდან ინტეგრირებულ სატრანსპორტო დერეფნებამდე“.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ როლსა და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაგეგმილ მასშტაბურ ინვესტიციებზე.
„ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს. ამ მიზნის მიღწევა მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს, რეგიონულ თანამშრომლობასა და გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვას“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მისი თქმით, 2032 წლისთვის საქართველო დაახლოებით 7 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციაში, რაც მოიცავს საზღვაო, სარკინიგზო, საგზაო და ციფრული მიმართულებების განვითარებას.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებაზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტსა და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე.
სამიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა. საუბარი შეეხო საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმებს, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესსა და სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობებს.
თამარ იოსელიანმა ასევე შეხვედრა გამართა იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ედოარდო რიქსთან. შეხვედრისას განიხილეს საქართველოსა და იტალიას შორის ეკონომიკური ურთიერთობის სტრატეგიული მიმართულებები, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში. ხაზი გაესვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას რეგიონებს შორის დაკავშირებადობის გაუმჯობესების კუთხით.
თურქეთის საზღვაო სამიტში ასევე მონაწილეობა მიიღო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე ივანე აბაშიძემ.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70