საქართველოს მუნიციპალიტეტებში 2018 წლის ბოლომდე კომპანია „პრემიუმ რეზიდენსი“ დამატებითი ინსპექტირების ხაზების მშენებლობა/მოწყობას განახორციელებს
03-07-2018

პერიოდული ტექინსპექტირების რეფორმა ქვეყანაში 2018 წლის 1 იანვარს დაიწყო და  ეტაპობრივად ხორციელდება,რაც გულისხმობს, რომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში -  2019 წლის ბოლომდე.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულყოფილად წარმართვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე სტანდარტების ინსპექტირების ცენტრები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იყოს განლაგებული, რათა ყველა მოქალაქემ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყნის ყველა რეგიონში, მისთვის მოსახერხებელ  ლოკაციაზე შეძლოს.

ამ მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა მოწვევა წინადადებათა წარმოდგენის თაობაზე სამ ლოტად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ხაზების რაოდენობის, სახეობების და გეოგრაფიული განაწილების მიხედვით, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „პრემიუმ რეზიდენსი.“

2018 წლის 29 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს "პრემიუმ რეზიდენსსა" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 2018 წლის ბოლომდე მოხდება დამატებითი ინსპექტირების ხაზების მშენებლობა/მოწყობა.

აღსანიშნავია, რომ „პრემიუმ რეზიდენსმა“ აიღო ვალდებულება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მოწყობა განახორციელოს მსოფლიოში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში აღირებული ესპანური კომპანიის “Applus Iteuve Technology, S.L.U.” ტექნიკური მომსახურების საშუალებით.